ძლიერი კომპანია, ძლიერი საქართველოსთვის!
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა
სოციალური პასუხისმგებლობა არემჯის საქმიანობაში სტრატეგიული მნიშვნელობის
მიმართულებათა შორისაა. სხვადასხვა სახელოვნებო პროექტების, სპორტსმენებისა და სპორტული
გუნდების, შემოქმედებითი ახალგაზრდებისა და კოლექტივების, ბოლნისის მუზეუმის
მშენებლობის, სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთშორისო კონფერენციების, ასპარეზობების,
კულტურული მემკვიდრეობის პროგრამებისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების კუთხით
ასეულობით პროექტში 2012 წლიდან დღემდე არემჯის მიერ განხორციელებული მხარდაჭერა 50 მლნ
ლარზე მეტია.
ბოლნისელი მეღვინეების მხარდაჭერა
ქართული ღვინის რუკაზე ბოლნისი პერსპექტიული ადგილწარმოშობის დასახელებაა. ბოლო წლებში
ადგილობრივმა მეღვინეებმა უძველესი ქართული ტრადიცია – ღვინის ქვევრში დაყენების კულტურა
აღადგინეს და ბოლნისური ღვინის სახელი საქართველოს ფარგლებს გარეთაც გაიტანეს.
2018 წელს ხელი მოეწერა სამმხრივ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს არემჯის, მეღვინეთა
გაერთიანება „ღვინო ბოლნისსა“ და ბოლნისის მუნიციპალიტეტს შორის, რომლის თანახმადაც,
არემჯიმ აიღო ვალდებულება ხელი შეუწყოს ბოლნისური ღვინოების წარმოებას, პოპულარიზაციას
და განვითარებას.
არემჯისგან მიღებული ყოველწლიური დაფინანსების ფარგლებში ხდება მეღვინეების კვალიფიკაციის ამაღლება, მათი ღვინის პოპულარიზაცია, საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებზე ბოლნისური ღვინის წარდგენა.
2023 წელს მეღვინეთა მხარდაჭერის მეტად განვითარების მიზნით გახსნა ქართულ-გერმანული ღვინის სახლი ბოლნისში, სადაც გაერთიანების წევრ მეღვინეთა პროდუქტებია წარმოდგენილი.
ქართულ-გერმანული ღვინის სახლი
ბოლნისელი მეღვინეების მხარდაჭერის მიზნით, არემჯიმ ბოლნისში საუკუნოვანი გერმანული სახლი შეიძინა და ის თავდაპირველი, ავთენტური იერსახით აღადგინა. სახლი 2023 წლის 17 ივნისს ბოლნისის ადგილწარმოშობის ფესტივალის ფარგლებში გაიხსნა და ამ დროიდან ქართულ-გერმანული ღვინის სახლის სახელით ადგილობრივი მეღვინეების საერთო სივრცეს წარმოადგენს.
ქართულ-გერმანულ ღვინის სახლში წარმოდგენილია ბოლნისელი მეღვინეების პროდუქცია, სადეგუსტაციო და საპრეზენტაციო სივრცეები, სადაც სტუმრებს ბოლნისური ღვინოების დაგემოვნება და შეძენა შეუძლიათ.
ისტორიული სახლი, რომელიც ბოლნისში, წისქვილის ქუჩა N8-ში მდებარეობს, კატარინენფელდსა (ბოლნისი) და ელიზაბეტთალში (ასურეთი) მოღვაწე პედაგოგსა და მწერალს, იმანუელ ვალკერს ეკუთვნოდა.
სახლის რესტავრაცია „სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის’’ ჩართულობით განხორციელდა.
პროექტის მიზანი ადგილობრივ და საერთაშორისო ასპარეზზე ბოლნისური ღვინის პოპულარიზაციის მხარდაჭერაა.
კულტურული მემკვიდრეობის პროგრამა
საქართველოს მასშტაბით ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამების ფარგლებში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, 2017 წლიდან ხორციელდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროგრამა. პროგრამის ფარგლებში არემჯის ფინანსური მხარდაჭერით მოხდა საქართველოს მასშტაბით ქვემოთ ჩამოთვლილი შვიდი ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია ან/და მათ ტერიტორიაზე არქეოლოგიურ-კვლევითი სამუშაოების ჩატარება.
- ბოლნისის სიონი
- სათხის სამონასტრო კომპლექსი
- ფიტარეთის მონასტერი
- სამშვილდის ნაქალაქარი
- ჭელიშის სამონასტრო კომპლექსი
- ალავერდის სამონასტრო კომპლექსი
- ძველი შუამთის მონასტერი
2021 წლიდან პროგრამას ქვემო ქართლის 2 ძეგლის – აბულმუგის აბანოს და ხულუტის ციხე-დარბაზის სარეაბილიტაციო პროექტებიც შეემატა.
კომპანიის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროგრამა არემჯის აქციონერთა ინიციატივით მომზადდა. პროგრამაში შემავალი რამდენიმე ძეგლის (ფიტარეთის მონასტერი, სათხის მონასტერი, სამშვილდის ნაქალაქარი, აბულმუგის აბანო, ხულუტის ციხე) სარეაბილიტაციო სამუშაოები საზოგადოებრივი გაერთიანება “საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის” ინიციატივით და მათი მონიტორინგის ქვეშ ხორციელდება.
ბოლნისის მუზეუმი
2020 წელს ბოლნისში ახალი მუზეუმი გაიხსნა. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სამუზეუმო შენობაში წარმოდგენილია როგორც მუდმივმოქმედი ექსპოზიცია, ისე დროებითი საგამოფენო სივრცეც. საექსპოზიციო სივრცეებში სამეცნიერო მნიშვნელობის არქეოლოგიური მასალა და ხელოვნების ნიმუშებია გამოფენილი, ძირითადად საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებიდან და, ასევე, ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმიდან.
მუზეუმის შენობაში განთავსებულია ფონდები, სამეცნიერო ლაბორატორიები, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი აუდიტორია, ბიბლიოთეკა და საზოგადოებრივი სივრცეები. ბოლნისის მუზეუმი აერთიანებს საექსპოზიციო და კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეებს, სასწავლო, სალექციო აუდიტორიებსა და მედიათეკას. მთლიანობაში სამუზეუმო კომპლექსი დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს, გაეცნოს საქართველოსა და რეგიონის მდიდარ წარსულსა და კულტურის ისტორიას.
ბოლნისის მუზეუმის საერთაშორისო სტანდარტების მქონე არქიტექტურული პროექტის მომზადება, მშენებლობა და აღჭურვა სრულად არემჯის მხარდაჭერით განხორციელდა.
კულტურის
მხარდაჭერა
არემჯი რეგიონში სახელოვნებო ანსამბლებისა და სასწავლო წრეების აქტიური მხარდამჭერია. ამით ადგილობრივ მოზარდებს შესაძლებლობა აქვთ, უფასოდ შეისწავლონ ცეკვა, სიმღერა და მხატვრობა. არემჯის მიერ დაფინანსებულ სახელოვნებო სტუდიებში ყოველწლიურად 700-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს.
კომპანია არემჯი პატრონაჟს უწევს დაბა კაზრეთში კულტურის სახლთან არსებულ 40-წლიანი ისტორიის მქონე ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ „მადნეულს“, სამხატვრო სტუდია „პალიტრას“ და საბავშვო საესტრადო ანსამბლ „იმედს“.
კომპანიის მხარდაჭერით სარგებლობენ კაზრეთსა და დმანისში მოქმედი სახალხო ქორეოგრაფიული ანსამბლები – „მართვე“ და „დმანისი“.
არემჯი ქვემო ქართლში მცხოვრები ხელოვანებისათვის ყოველწლიურად ახორციელებს სხვადასხვა სახის სოციალური პროექტების მხარდაჭერას. ამით შემოქმედ ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა გამართონ გამოფენები, გამოსცენ საკუთარი ნაშრომები, დადგან სპექტაკლები და ჩაატარონ მუსიკალური ღონისძიებები.
კულტურის სფეროს წარმომადგენელთა უმაღლესი განათლების ხელშეწყობის ფარგლებში არემჯი ახალგაზრდა პიანისტის, სანდრო გეგეჭკორის მხარდამჭერია. სანდრო ახალი თაობის ერთ-ერთი ბრწყინვალე წარმომადგენელია, რომელიც წარმატებულია როგორც სამშობლოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ და არის არაერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული.
განათლების მხარდაჭერა
საქართველოს მასშტაბით წარმატებული მოსწავლეების და სტუდენტების მხარდაჭერა, მათთვის არაფორმალური განათლების მიმართულებით სხვადასხვა პროექტის ორგანიზება, წარჩინებული სტუდენტებისთვის არემჯის სტიპენდიის დანიშვნა – ეს კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
სტუდენტური პროგრამები
სტიპენდიატების პროგრამა – განსაკუთრებით აღსანიშნავია არემჯის სტიპენდიატების პროგრამა, რომელიც 2017 წელს გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტების წარჩინებული სტუდენტებისათვის ყოველწლიური სტიპენდიების დანიშვნას ითვალისწინებს. არემჯის სტიპენდიატი ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა სპეციალობის ასზე მეტი სტუდენტი გახდა.
საზაფხულო სკოლა – სტუდენტების მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალებად ჩამოყალიბებაზე ორიენტირებული პროექტია არემჯის საზაფხულო სკოლა, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებს არემჯის საწარმოებში ერთთვიანი ანაზღაურებადი პრაქტიკის გავლას სთავაზობს.
პროექტი ყოველწლიურად ხორციელდება და მასში უკვე 120-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. ერთთვიანი პრაქტიკის დროს სტუდენტები, თავიანთი სპეციალობების მიხედვით, კომპანიის ყველა საკვანძო სტრუქტურულ ერთეულში გადიან პრაქტიკულ სწავლებას.
არაფორმალური განათლება
ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა კომპანიის განათლების ხელშეწყობის პროგრამების მთავარი ამოცანაა, რომელიც საუნივერსიტეტო განათლებასთან ერთად მოიცავს არაფორმალური განათლების წახალისებას რეგიონში სასკოლო ასაკის ბავშვებში.
არაფორმალური განათლების მხარდასაჭერად კაზრეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის ხორციელდება ისეთი პროექტები, როგორებიცაა: ისტორიის კონკურსი “დიდგორელი”, “დებატების კლუბი”, “იდეების ლაბორატორია”.
„დიდგორელი“ სასკოლო ასაკის მოსწავლეთა კონკურსია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ისტორიის პოპულარიზაციას რეგიონის საჯარო და კერძო სკოლებში. პროექტი არემჯის მხარდაჭერით 2019 წლიდან ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტში იმართება. ამ პერიოდის განმავლობაში კონკურსში მონაწილეობა 2200-ზე მეტ მოსწავლეს აქვს მიღებული. კონკურსში გამარჯვებული თითოეული მუნიციპალიტეტის გამარჯვებულს არემჯის 6 თვის მანძილზე არემჯის სტიპენდია გადაეცემა. “დიდგორელები” ყოველწლიურად მონაწილეობენ პროექტის ფარგლებში გამართულ სამეცნიერო კონფერენციებში, ასევე მათთვის ეწყობა სხვადასხვა შემეცნებითი ისტორიული ტურები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში.
არემჯის “იდეების ლაბორატორია” საგანმანათლებლო პროექტია, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონში მცხოვრებ უფროსკლასელებში სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებას და რეგიონის ცხოვრებაში მათ ჩართულობას. პროექტი მოტივირებული უფროსკლასელების შერჩევას ითვალისწინებს, რომლებიც „იდეების ლაბორატორიაში“ სხვადასხვა მიმართულებით ტრენინგებს გადიან. სწავლების დასასრულს „მწვანე გარემოსა“ და „სოციალური ურთიერთობების“ თემებზე მომზადებული საუკეთესო პროექტების განხორციელებას კომპანია არემჯი აფინანსებს.
პროექტ „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ დაბა კაზრეთის საჯარო სკოლები არემჯის მხარდაჭერით 2022 წელს შეუერთდნენ. Პროექტი სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებში სადებატო უნარ-ჩვევების გამომუშავებას და მათ განვითარებას ისახავს მიზნად.
სპორტის მხარდაჭერა
არემჯის კორპორაციული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი პრიორიტეტია ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია დამწყები და პროფესიონალი ახალგაზრდა სპორტსმენების მხარდაჭერით.
არემჯი სახელოვანი ძიუდოისტების, ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონების – ვაჟა მარგველაშვილის, ბექა ღვინიაშვილის და ლაშა შავდათუაშვილის მხარდამჭერია.
კომპანიას მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის რაგბის მხარდაჭერასა და განვითარებაში. 2019 წლიდან არემჯი სარაგბო კლუბ „ყოჩების“ მხარდამჭერია, რომელიც „დიდ ათში“ ასპარეზობს. არემჯი არის საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ოფიციალური მატჩების ტრანსლაციის სპონსორი.
არემჯი არის ქართველი მოფარიკავის, სანდრო ბაზაძის გენერალური სპონსორი. ბაზაძე ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის (FIE) მიხედვით, მსოფლიო რეიტინგში #1 ადგილს იკავებს.
Სანდრო ბაზაძის სპორტული წარმატების მაგალითმა და არემჯის მხარდაჭერით 2022 წელს თბილისში მაღალ დონეზე ორგანიზებულმა მსოფლიო თასმა, სპორტის ამ სახეობით საქართველოში ბევრი მოზარდი დააინტერესა.
2016 წლიდან კომპანია დიდი საფეხბურთო ისტორიის მქონე კლუბის, ბოლნისის „სიონის“ გენერალური სპონსორია.
კომპანია წლებია ყოველთვიურად აფინანსებს თავისუფალი სტილით ჭიდაობის, ჭაბუკთა ფეხბურთის, რაგბის, მკლავჭიდის, შერეული ორთაბრძოლებისა და ჭადრაკის კლუბებს ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში, სადაც ასობით ახალგაზრდა სპორტის სხვადასხვა სახეობას ეუფლება.