არემჯის და ჟურნალ „ველური ბუნების“ თანამშრომლობის შედეგად საქართველოს მდინარეებსა და ტბებში იქთიოფაუნის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი – ფარგა (Lucioperca – ქორჭილასებრთა ოჯახი) დაბრუნდა. ამ პროექტზე 2019 წლის დასაწყისიდან არაერთი მეცნიერი, საერთაშორისო ფონდი თუ უცხოელი ექსპერტი მუშაობდა, რამაც საბოლოო ჯამში შესაძლებელი გახადა, აზერბაიჯანიდან საქართველოში ცოცხალი თევზის ლეგალურად გადმოყვანის პირველი პრეცედენტი შექმნილიყო.

თავდაპირველად რამდენიმე ათასი ფარგის ლიფსიტა გადაეცა საქართველოს „ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოს“, რათა ქართველ და აზერბაიჯანელ იქთიოლოგებს მოეხდინათ დაკვირვება და გამოცდილების გაზიარება.
პროექტის მე-2 ეტაპზე, ფარგის რეინტროდუქციის გრძელვადიანი წარმატებისათვის, საქართველოში დამატებით შემოიყვანეს ე.წ. „სადედე ჯგუფი“, რაც საქართველოს მდინარეებში ყოველწლიურად მილიონობით ლიფსიტის გაშვების საშუალებას იძლევა. იმპორტირებული „სადედე ჯგუფი“ რამდენიმე ტბაში განთავსდა. უკვე 2020 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებში და, მათ შორის, ქვემო ქართლში საცდელად ასიათასობით ფარგის ლიფსიტა გაუშვეს.