„ბოლნისური ამბები“ – 20 ისტორია, რომელიც ქალაქის მეხსიერებას ინახავს

ბოლნისის ისტორია ღია ბარათებზე – პროექტი, რომელიც ადგილობრივ ისტორიას
არქივიდან მეხსიერებაში აბრუნებს.
ბოლნისის ქართულ-გერმანულ ღვინის სახლში „ბოლნისური ამბების“ ღია
ბარათების პირველი ნაწილის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი ბოლნისის
ისტორიის, ადამიანების, კულტურული მემკვიდრეობისა და ქალაქის
ყოველდღიური ცხოვრების შესახებ 20 განსხვავებულ ამბავს აერთიანებს.
„ბოლნისური ამბები“ ისტორიის კონკურს „დიდგორელისა“ და საქართველოს
ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი პროექტია, რომელიც არემჯის
მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის იდეა ერთი მნიშვნელოვანი კითხვის
გარშემო გაჩნდა: როგორ შეიძლება ადგილობრივი ისტორია იმ ფორმით მოვყვეთ,
რომ ის მხოლოდ ისტორიკოსებისთვის, მკვლევრებისთვის ან არქივში მომუშავე
ადამიანებისთვის არ იყოს საინტერესო და ხელმისაწვდომი? სწორედ ამ
კითხვაზე პასუხად შეიქმნა „ბოლნისური ამბები“.
ბოლნისის ისტორია მრავალშრიანია. ქალაქის წარსულში ერთმანეთთან იკვეთება
სხვადასხვა ეპოქა, კულტურა, ადამიანების ბედი, ყოველდღიური ცხოვრება,
არქიტექტურა, სოფლის მეურნეობა, მეღვინეობა და საზოგადოებრივი ცხოვრება.
„ბოლნისური ამბების“ მიზანი სწორედ ამ მასალის გაცოცხლებაა. ისტორიული
ფაქტის ადამიანურ ამბად ქცევა და მისი აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომ
ფორმატში გადმოტანა.
ისტორია მხოლოდ დიდი მოვლენების ქრონოლოგია არ არის. ისტორია იქმნება
კონკრეტულ ქალაქებში, ქუჩებში, სახლებში, ოჯახებსა და ადამიანებს შორის.
ხშირად სწორედ ასეთი პატარა, ერთი შეხედვით კერძო ისტორიები გვაძლევს
შესაძლებლობას, უკეთ გავიგოთ კონკრეტული ქალაქის ხასიათი და ის
ცვლილებები, რომლებიც მას სხვადასხვა ეპოქაში შეეხო. „ბოლნისური ამბები“ ამ
თვალსაზრისით ისტორიული მასალის პოპულარიზაციის პროექტთან ერთად
ადგილობრივი მეხსიერების შენარჩუნების მცდელობაცაა. პროექტის პირველი
სერია 20 ისტორიას აერთიანებს. ეს ისტორიები ერთმანეთისგან განსხვავებულია
და ბოლნისის წარსულს სხვადასხვა პერსპექტივიდან გვაჩვენებს, ადამიანური
ისტორიებიდან ქალაქის კულტურულ და ისტორიულ მოვლენებამდე,
ყოველდღიური ცხოვრების დეტალებიდან მეღვინეობის ტრადიციებამდე.
პროექტის ერთ-ერთი მთავარი სიახლე ფორმატია. „ბოლნისური ამბების“
ავტორებმა ისტორიული მასალის გაცნობისთვის უფრო მარტივი და

ყოველდღიური ფორმა შეარჩიეს – ღია ბარათი. ღია ბარათი შეიძლება შეინახო,
გადასცე სხვას, წაიღო სხვა ქალაქში ან ქვეყანაში და კონკრეტული ადგილის
შესახებ ამბავი თან გაიყოლო. თითოეულ ბარათზე წარმოდგენილია შესაბამისი
ფოტო და ისტორია ქართულ და ინგლისურ ენებზე. ორენოვანი ფორმატი
პროექტს დამატებით შესაძლებლობას აძლევს, ბოლნისის შესახებ ინფორმაცია
ადგილობრივ აუდიტორიას გასცდეს და ქალაქის ისტორია უცხოელი სტუმრებისა
და საერთაშორისო აუდიტორიისთვისაც გახდეს ხელმისაწვდომი.
პირველი სერიის შექმნისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მასალების
მოძიებას, დამუშავებასა და გადამოწმებას. საქართველოს ეროვნული
ბიბლიოთეკის ჩართულობით პროექტის ფარგლებში მოძიებული და
დამუშავებული იქნა ისტორიული ფოტოები და მასალები, რომელთა
საფუძველზეც შეირჩა პირველი 20 ისტორია. თითოეული ამბავი ცალკე
ეპიზოდია, თუმცა ერთად ისინი უფრო დიდი სურათის შექმნას ემსახურება
ბოლნისის ისტორიის მრავალფეროვანი პორტრეტის წარმოჩენას.
პროექტი არემჯის მხარდაჭერით განხორციელდა. ადგილობრივი ისტორიისა და
კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის ხელშეწყობა პროექტის ერთ-
ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. „ბოლნისური ამბების“ მხარდაჭერა ხელს
უწყობს ინიციატივას, რომელიც ადგილობრივი ისტორიის მოძიებას,
შენარჩუნებასა და ახალი აუდიტორიისთვის გაცნობას ემსახურება.
ღონისძიება კულტურულ-შემეცნებით ფორმატში ჩატარდა. სტუმრებს
შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ პროექტის შექმნის ისტორიასა და
რამდენიმე შერჩეულ „ბოლნისურ ამბავს“. ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი
ნაწილი ისტორიების კითხვით გაცოცხლება იყო. გამომსვლელებმა სხვადასხვა
ხასიათის ამბები წაიკითხეს, რომლებიც ბოლნისის ისტორიულ, ადამიანურ,
ქალაქურ და მეღვინეობის თემებს აერთიანებს. ღია ბარათების პირველი სერია
საგამოფენო ინსტალაციის სახით იყო წარმოდგენილი და ღონისძიების ყველა
სტუმარს საჩუქრად გადაეცა. „ბოლნისური ამბების“ პირველი ნაწილი პროექტის
დასაწყისია. ავტორების მიზანია, მომავალში გამოცემა ახალი ისტორიებით
გაგრძელდეს და ბოლნისის შესახებ კიდევ უფრო მეტი ისტორიული მასალა
გახდეს ხელმისაწვდომი.