არემჯიში ახალი კუდსაცავისა და მიმდინარე გარემოსდაცვითი ღონისძიებების პრეზენტაცია გაიმართა

არემჯიმ ახალი მშრალი კუდების სანაყაროს პროექტი ასევე წყლის, ჰაერისა და ნიადაგის დაცვის მიმართულებით მიმდინარე სიახლეები წარადგინა. ახალი კუდსაცავის პროექტი მადნის გადამუშავების შედეგად მიღებული ნარჩენების განთავსების თანამედროვე მეთოდზე გადასვლას ემსახურება.

კუდსაცავის ახალ ნაგებობაზე გამოყენებული იქნება მშრალი კუდების განთავსების ტექნოლოგია: მადნის გადამუშავების შედეგად მიღებული თხევადი მასა სპეციალურად აშენებულ ფილტრაციის საამქროში გაიფილტრება, რის შემდეგაც  მიღებული მასალა  სპეციალურად მოწყობილ დამბაზე საფეხურებად განთავსდება.

ახალი ტექნოლოგია კუდების უფრო სტაბილურად განთავსების შესაძლებლობას იძლევა. ამასთან, კუდსაცავის ცალკეული მონაკვეთების გამწვანება და ეტაპობრივი რეკულტივაცია მისი ექსპლუატაციის პარალელურად იქნება შესაძლებელი.

პროექტს წინ უძღოდა მრავალწლიანი კონსულტაციები უცხოელ სპეციალისტებთან. პროექტირების შემდეგ ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მოსამზადებელი და სამშენებლო სამუშაოები. აშენდა დამბა, წყლის შემგროვებელი ავზი, საჭირო ინფრასტრუქტურა და ფილტრაციის საამქრო. პროექტის განხორციელების გადაწყვეტილება კომპანიამ მნიშვნელოვანი საინვესტიციო ხარჯის მიუხედავად, მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით მიიღო.

,,საზოგადოებას წარვუდგინეთ მშრალი კუდების მართვის ინოვაციური მიდგომა, რომელიც გარემოზე ზემოქმედების შემცირებას ისახავს მიზნად. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანი სიახლეა გარემოსდაცვითი მონიტორინგის სამსახურის  გაძლიერება. ეფექტიანი მონიტორინგი გვაძლევს შესაძლებლობას, ზუსტად ვიცოდეთ, სად და რა ტიპის გამოწვევებია, რაც, თავის მხრივ, შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებების დროულად დაგეგმვასა და განხორციელებას ამარტივებს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა მომდევნო ორი წლის განმავლობაში 800 000 კვადრატული მეტრის ტერიტორიის გამწვანებაა. საუბარია, მათ შორის, სანაყაროების რეკულტივაციასა და გამწვანებაზე, რომელიც ტექნოლოგიურად რთული და ხანგრძლივი პროცესია. ამ მიმართულებით უკვე გვაქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება.“ – განაცხადა არემჯის გარემოსდაცვითმა მმართველმა კოტე ხაჭაპურიძემ.

დღეს არემჯის გარემოს დაცვის სადირექტორო 70-მდე დარგის სპეციალისტს აერთიანებს. პრეზენტაციაზე ყურადღება გამახვილდება შიდა გარემოსდაცვითი მონიტორინგის გაძლიერებაზეც. გარემოსდაცვითი მონიტორინგის განყოფილება – სამსახურად ჩამოყალიბდა და 12 თანამშრომელი ჰყავს. სამსახური აღიჭურვა თანამედროვე საზომი ხელსაწყოებითა და მოძრავი ლაბორატორიით. ორი მონიტორინგის ავტომობილი ყოველდღიურად შეამოწმებს წინასწარ განსაზღვრულ ობიექტებს, მათ შორის წყლისა და ჰაერის დაცვის მოთხოვნების შესრულებას. 

წყლის დაცვის მიმართულებით, „არემჯი კოპერისა“ და „არემჯი გოლდის“ საწარმოო ტერიტორიებზე ოთხი წყლის გამწმენდი ნაგებობაა მოწყობილი. ბოლო გამწმენდი ნაგებობა მიმდინარე წელს სპილენძის გამამდიდრებელი ფაბრიკის ტერიტორიაზე დამონტაჟდა. გაწმენდილი წყლის ნაწილი საწარმოო ციკლს უბრუნდება, ნაწილი კი მდინარე მაშავერაში განსაზღვრულ ჩაშვების წერტილზე მიემართება.

ჰაერში მტვრის გავრცელების შესამცირებლად კომპანიამ მხოლოდ 2026 წელს ხუთი ახალი სარწყავი მანქანა დაამატა. ისინი დღის განმავლობაში რამდენჯერმე რწყავენ როგორც საწარმოო ტერიტორიებს, ისე იმ გზებს, რომლებზეც მადნის გადამზიდავი ავტომობილები მოძრაობენ. 

გრძელდება ნიადაგის დაცვისა და რეკულტივაციის სამუშაოებიც. მიმდინარეობს არსებული კუდსაცავის ფერდებისა და საყდრისის საბადოზე ორი სანაყაროს რეკულტივაცია. რაც შეეხება საწარმოო ტერიტორიის გარეთ განხორციელებულ პროექტებს, საკომპენსაციო ტყის გაშენების პროექტებიდან აღსანიშნავია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში – 10 ჰა ტერიტორიის ფართობზე, ასევე  ბოლნისის მუციციპალიტეტში,  სოფელ ხატისოფელში – 3 ჰა ტერიტორიის ფართობზე ტყის გაშენების და მოვლა-პატრონობის სამუშაოები. 2024-ში წარმატებით დასრულდა საკომპენსაციო ტყის გაშენების პროექტი სოფელ მარტყოფში, სადაც 11 ჰა ტერიტორიაზე სხვადასხვა ჯიშის მრავალწლოვანი ნარგავები გაშენდა.