დაბა კაზრეთში, კომპანიის სათავო ოფისში, არემჯის 2026 წლის სტიპენდიატების გამოვლენის საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
წელს სასტიპენდიო კონკურსზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 150-მდე სტუდენტის განაცხადი იქნა მიღებული. გასაუბრების, აკადემიური მოსწრების დოკუმენტებისა და სამოტივაციო წერილების განხილვის შედეგად, სპეციალურმა კომისიამ 25 გამარჯვებული სტუდენტი გამოავლინა.
წლის სტიპენდიატებს, სამახსოვრო სერტიფიკატები არემჯის გენერალურმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ გადასცა. მან სტუდენტებს კომპანიის ერთ-ერთ გამორჩეულ პროექტში მონაწილეობა მიულოცა და იმ შესაძლებლობების შესახებ ესაუბრა, რომელსაც არემჯი სხვადასხვა პროექტის ფარგლებში სთავაზობს ახალგაზრდებს.
სტუდენტებმა მათთვის მოწყობილი ინდუსტრიული ტურის ფარგლებში კომპანიის საწარმოო ტერიტორია დაათვალიერეს და მისის საქმიანობის სპეციფიკას გაეცნენ. მოინახულეს ისტორიული მადნეულის კარიერი და გადაიარაღებული სპილენძის გამამდიდრებელი ფაბრიკა.
სასტიპენდიო კონკურსში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა (სამთო-გეოლოგიური, ენერგეტიკის, ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტები) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი) ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს შეეძლოთ მონაწილეობის მიღება. პროექტი საინჟინრო მიმართულების ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენას, მათ დარგში მოზიდვასა და შემდგომი კარიერული განვითარების შესაძლებლობების შეთავაზებას ითვალისწინებს.
სასტიპენდიო პროგრამა არემჯიმ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის 2018 წელს დააწესა. მასში მონაწილეობას გასული წლიდან უკვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებიც იღებენ. 25 რჩეული სტუდენტი ერთი წლის განმავლობაში არემჯისგან ყოველთვიურ სტიპენდიას მიიღებს.
კომპანიის ყველა მსხვილი კორპორაციული პასუხისმგებლობის პროექტი 2022 წლიდან, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან არის თანხვედრაში. მათ შორის არის ხარისხიანი განათლების მხარდაჭერა, მდგრადი განვითარების მეოთხე მიზანი, რომლის ფარგლებშიც არემჯი სასტიპენდიო კონკურსს და სხვა საგანმანათლებლო პროექტებს ახორციელებს.