გაცნობებთ, რომ დარბაზის ხეობის ტერიტორიაზე შპს ,,კავკასიის სამთო ჯგუფი“ ახორციელებს გეოლოგიურ ძებნა-ძიებით სამუშაოებს, რომელთა მიზანია ტერიტორიის გეოლოგიური შესწავლა.
სამუშაოები ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით, სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ლიცენზია-ბრძანება #430 (ლიცენზია #10002889) ფარგლებში. კომპანიას ასევე აქვს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოსგან აღნიშნულ ტერიტორიაზე ტყით სპეციალური სარგებლობის ნებართვაც.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივ მოსახლეობასთან დავამყაროთ სრულფასოვანი კომუნიკაცია და კიდევ ერთხელ ავუხსნათ, რომ ამ ეტაპზე ტერიტორიაზე მიმდინარეობს მხოლოდ ძებნა-ძიებითი სამუშაოები, რომელიც მოიცავს თხრილებისა და ჭაბურღილების მოწყობას. როგორც წესი, მსგავსი სამუშაოები თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე 2-3 წელი გრძელდება, ამიტომ ახლო მომავალში აქ წიაღისეულის მოპოვებითი სამუშაოების დაწყება არ განიხილება. მიუხედავად ამისა, ვფიქრობთ, რომ ადგილობრივ მოსახლეობას უნდა ჰქონდეს სრული და ობიექტური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რეალურად რა პროცესთან აქვთ საქმე, რას წარმოადგენს გეოლოგიური კვლევის ეტაპი და მომავალში რა პოტენციური ეკონომიკური და სოციალური სარგებლის მოტანა შეუძლია შესაძლო საბადოს გამოვლენას, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე რეგიონისა და ქვეყნისათვის.
კომპანია მზად არის სრულყოფილი და გამჭვირვალე კომუნიკაციისთვის. სწორედ ამიტომ, გამოვთქვამთ მზაობას შევხვდეთ სოფლის მხრიდან ნდობით აღჭურვილ წარმომადგენლებს, დეტალურად ავუხსნათ მათ მიმდინარე სამუშაოების სპეციფიკა, მიზნები, შემდგომი პროცესები და ვუპასუხოთ მათ შეკითხვებს. ასევე მზად ვართ, საქმიანობის თითოეულ ეტაპზე ყველა დაინტერესებულ მხარეს მივაწოდოთ სრული ინფორმაცია სამუშაოების შესახებ.