„მე დავრგე ხე“ – ზრუნვა გარემოზე, რომელიც საერთო პასუხისმგებლობით იწყება!

საზოგადოებრივი გაერთიანება „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ გარემოს
აღდგენისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების კამპანიას „მე დავრგე ხე“
აგრძელებს.

27 ოქტომბერს კამპანიის ფარგლებში რიგით მეხუთე ღონისძიება გაიმართა.
გაერთიანებისა და არემჯის გარემოსდაცვითი დეპარტამენტის ორგანიზებით,
მადნეულის კარიერის ფუჭი ქანების სანაყაროზე სხვადასხვა სახეობის 254 ხე დაირგო.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კაზრეთისა და დმანისის მუნიციპალიტეტის საჯარო
სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები, დმანისის მერიის ახალგაზრდული
სათათბიროს წარმომადგენლები, აქტივისტები, კომპანიის თანამშრომლები და
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გეოლოგიური ფაკულტეტის პირველი
კურსის სტუდენტები პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად.

კამპანიის მნიშვნელოვანი მიზანი გარემოს აღდგენის პროცესში ახალგაზრდების
აქტიური ჩართულობაა. სწორედ ამიტომ, ხეების დარგვასთან ერთად, ღონისძიება
შემეცნებით და საგანმანათლებლო აქტივობებსაც მოიცავდა, რომლებიც მონაწილეებში
გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა. ღონისძიების ფარგლებში
მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ კომპანიის მიმდინარე და
დაგეგმილ გარემოსდაცვით ინიციატივებს. მათ შორის იყო 2026-2028 წლების
გარემოსდაცვითი ღონისძიებების განახლებული გეგმა, რომლის ერთ-ერთი მთავარი
პრიორიტეტი მასშტაბური სარეკულტივაციო სამუშაოებია.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პლასტმასის ნარჩენების მართვის
მიმართულებით კომპანია არემჯის ინიციატივასაც, რომელსაც კომპანია 2025 წლიდან
ახორციელებს. თანამშრომელთა ჩართულობისა და გამოყენებული პლასტმასის
ბოთლების სეპარირებული შეგროვების მიზნით, კომპანიის თბილისისა და კაზრეთის
ოფისებში ნორვეგიული კომპანია TOMRA-ს ბოთლების შემგროვებელი აპარატები TOMRA
T70 Single განთავსდა. ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლებს შესაძლებლობა აქვთ,
ჩააბარონ გამოყენებული პლასტმასის ბოთლები და გარემოზე ზრუნვის სანაცვლოდ
წამახალისებელი საჩუქრები მიიღონ. ინიციატივის დაწყებიდან დღემდე კომპანიის
თანამშრომლებმა დაახლოებით 151 000 პლასტმასის ბოთლი შეაგროვეს. შედეგი,
რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ყოველდღიურ საქმიანობაში დანერგილ
მცირე ეკომეგობრულ ჩვევებს მნიშვნელოვანი ცვლილებების მოტანა შეუძლია.
ღონისძიების მონაწილეებს აპარატების გამოყენების წესები და ნარჩენების ეფექტიანი
მართვის პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების მნიშვნელობა TOMRA-ს კავკასიისა და
ცენტრალური აზიის რეგიონულმა ხელმძღვანელმა გიორგი ჯებირაშვილმა გააცნო.

კამპანია „მე დავრგე ხე“ 2024 წლის შემოდგომაზე დაიწყო და 27 ოქტომბრის
ღონისძიების ჩათვლით, მის ფარგლებში უკვე 1 500 ხე დაირგო. სპეციალისტების
რეკომენდაციით, ხეების დარგვა წელიწადში ორჯერ – გაზაფხულსა და შემოდგომაზე
ხორციელდება.

ღონისძიების დასასრულს ორგანიზატორებმა დმანისის მუნიციპალიტეტისა და დაბა
კაზრეთის მონაწილე სკოლებს კამპანიაში აქტიური ჩართულობისთვის მადლობის
სიგელები გადასცეს.
კამპანია „მე დავრგე ხე“ 2027 წლის გაზაფხულზე განახლდება. გარემოზე ზრუნვა
საერთო პასუხისმგებლობაა. ყოველი დარგული ხე, შეგროვებული პლასტმასის ბოთლი
და გარემოსდაცვით ინიციატივაში ჩართული ადამიანი მნიშვნელოვანი ნაბიჯია უფრო
მწვანე და მდგრადი მომავლისკენ.