„მე დავრგე ხე“ – არემჯის ტერიტორიაზე არსებული სანაყაროების რეკულტივაცია

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე, პარლამენტის წევრებთან და სტაჟიორებთან ერთად, არემჯის საწარმოო ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.  მათ ასევე მონაწილეობა მიიღეს არემჯისა და საზოგადოებრივ გაერთიანება “მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის” ორგანიზებულ მასშტაბურ გამწვანების კამპანიაში, რომლის ფარგლებშიც, უკვე მე-3 წელია მადნეულის კარიერის ფუჭი ქანების სანაყაროზე ხეები ირგვება.

„საქართველოს პარლამენტის წევრებმა და ჩვენმა სტაჟიორებმა მასშტაბურ ღონისძიებაში მივიღეთ მონაწილეობა. კამპანიის ფარგლებში ჩვენ გავამწვანეთ რეკულტივირებული ტერიტორია, დავრგეთ 200-ზე მეტი ნერგი და ეს ის ფორმატია, რა ფორმატსაც საქართველოს პარლამენტი მომავალშიც ძალიან დიდ მხარდაჭერას აღმოუჩენს.“ – მაია ბითაძე პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ჩამოსულ სტუმრებს, კომპანიის მენეჯერებმა მადნეულის ისტორიული კარიერი და საწარმოო ტერიტორიაზე მოწყობილი წყლის გამწმენდი ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინეს. ასევე მიაწოდეს სრული ინფორმაცია კომპანიაში არსებული გარემოსდაცვითი მიდგომების, უკვე განხორციელებული და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ, რომლის მიზანია სამთო საქმიანობის ფარგლებში გარემოზე მიყენებული ზიანის მინიმუმამდე დაყვანა და მისი ეფექტური მონიტორინგი.

პარლამენტის წევრებმა და მათმა სტაჟიორებმა, დაბა კაზრეთის და დმანისის მუნიციპალიტეტის საშუალო სკოლების მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ერთად, კამპანია “მე დავრგე ხე”-ს ფარგლებში მადნეულის კარიერის ფუჭი ქანების სანაყაროზე 300-მდე ხე დარგეს.

„ამ კამპანიის ფარგლებში, ჩვენ ვახორციელებთ უშუალოდ სანაყაროების აღდგენას. ამ ტერიტორიაზე ძალიან რთული ნიადაგია, ამიტომ საჭირო იყო სანაყაროების დამუშავება, მოწესრიგება, და იმ კონდიციამდე მიყვანა, რომ შემდეგ შეგვძლებოდა ხეების დარგვა. კამპანია „მე დავრგე ხე“ კიდევ გაგრძელდება და უფრო მეტ მასშტაბებს შეიძენს მომავალში.“ – კონსტანტინე ხაჭაპურიძე კომპანია არემჯის გარემოსდაცვითი მმართველი.კამპანიის მიზანია  სამთო საქმიანობის შედეგად გარემოზე მიყენებული ზიანის გამოსწორება და  გამწვანების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი  ახალგაზრდების აქტიური ჩართვა და მათი ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვით საკითხებში. ღონისძიება არემჯისა და საზოგადოებრივი გაერთიანება „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ორგანიზებით წელიწადში ორჯერ იმართება.