გეოტექნიკური გუნდის ვიზიტი საბადოების მე-4 რეგიონულ შეხვედრაზე სევილიაში, ესპანეთი

არემჯის გეოტექნიკური სამსახურის თანამშრომლებმა – ქეთი ბენაშვილმა, მირიან მაქაძემ და რევაზ მენაბდემ 15-17 ოქტომბერს მონაწილეობა მიიღეს საბადოთა მე-4 რეგიონულ სამუშაო შეხვედრაზე სევილიაში, ესპანეთში. ღონისძიება ორგანიზებული იყო IDS GeoRadar-ისა (Hexagon-ის წევრი) და TRE ALTAMIRA-ს ჩართულობით და წარმოადგენდა პლატფორმას, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ქვეყნიდან წარმოდგენილმა სპეციალისტებმა ისაუბრეს გეოტექნიკური მონიტორინგისა და ფერდობების სტაბილურობის უახლეს პრაქტიკებსა და ინოვაციებზე.

რიჩ მეტალს გრუპში შემავალი კომპანია „არემჯი კოპერი“ Hexagon-ის ჯგუფის ახალი წევრია და მადნეულის კუდსაცავზე რობოტიზირებული ელექტრონული ტახეომეტრის – Leica TM60-ს წარმატებით დამონტაჟების შემდეგ, კომპანიის წარმომადგნელები ღონისძიებაში აღნიშნული თანამშრომლობიდან გამომდინარე ჩაერთნენ.

მე-4 რეგიონული შეხვედრის სამუშაო პროგრამა მოიცავდა საველე ტურს და სემინარებს, რომლის ფარგლებშიც წარმოდგენილი იყო ფერდობის სტაბილურობის სიახლეები, ინოვაციები და ტენდენციები. სესიების დროს მომხმარებლები, პოტენციური კლიენტები და გეოტექნიკური საკონსულტაციო კომპანიები განიხილავდნენ ფერდობის მონიტორინგის გადაწყვეტილებების გამოყენებას სამთო საქმეში IDS GeoRadar GBSAR ტექნოლოგიით და TRE Altamira სატელიტური მონიტორინგის დახმარებით.

„Hexagon-ის ჯგუფის წევრობა და ამ რეგიონულ შეხვედრაში მონაწილეობა ჩვენთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო გაგვეზიარებინა გეოტექნიკური მონიტორინგის წამყვანი სპეციალისტების გამოცდილება. მივიღეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა პრაქტიკა აქვთ მსოფლიოში და თუ როგორ შეიძლება ამ მოწინავე მონიტორინგის სისტემების გამოყენება ჩვენი საწარმოს ოპერაციების უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად.“ – ქეთი ბენაშვილი, არემჯის გეოტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელი.

მონაწილეები ასევე ეწვივნენ Rio Tinto Atalaya-ს ისტორიულ კარიერს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს სამთო საწარმოს წარმოადგენს და იხილეს განახლებული საწარმოო პროცესი. კომპანიის წარმომადგენლებს ასევე მიეცათ შესაძლებლობა ადგილზე მომუშავე პერსონალისგან მიეღოთ ინფორმაცია საწარმოო ობიექტების გეოტექნიკური მონიტორინგის შესახებ.

აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში კომპანიის წარმომადგენლებმა გეოტექნიკოსების ფართო გუნდთან ერთად იმსჯელეს საბადოებზე არსებული გამოწვევების და მათი ეფექტური გადაწყვეტის სამომავლო გზებზე.