Search
Close this search box.
Search
Close this search box.

გაიცანი სამთო-გეოლოგიური პროფესიები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და კომპანია არემჯის თანამშრომლობის ფარგლებში, სამთო-გეოლოგიურმა ფაკულტეტმა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის ახალი პროექტი წამოიწყო. პროექტი უმაღლესი განათლებისა და პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრის ხელშეწყობას ითვალისწინებს, რაც უწყვეტი განათლების სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. 

„გაიცანი სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი“ – ამ მიზნით ფაკულტეტმა, დაბა კაზრეთის #1 და #2 საჯარო სკოლების მე-12 კლასელებს უმასპინძლა. შემეცნებითი ტურის ფარგლებში ორივე სკოლის 50-მდე მოსწავლეს დეტალურად მიეწოდა ინფორმაცია სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის მიერ შეთავაზებული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ. მომავალმა სტუდენტებმა მოინახულეს ფაკულტეტის გამდიდრების ლაბორატორია, რომელიც არემჯიმ თანამედროვე საფლოტაციო დანადგარებით აღჭურვა. ასევე გაეცნენ ბაზაზე მდებარე უნიკალურ შახტი-ლაბორატორიას, რომელიც წარმოადგენს გვირაბებისა და კამერების ერთობლიობას და აღჭურვილია თანამედროვე სამთო–შახტური მოწყობილობებით, მექანიზმებითა და საწარმოო პროცესების მართვის ავტომატიზებული საშუალებებით.
ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა დაათვალიერეს გეოლოგია-პალეონტოლოგიის, მინერალოგიისა და პეტროგრაფიის, სასარგებლო წიაღისეულის მუზეუმები. დასასრულს კი არემჯის სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრში გაეცნენ პრეზენტაციას სტუ-ის და არემჯის მიერ სტუდენტებისათვის ერთობლივად შეთავაზებული პროექტების შესახებ. 

„არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით, კომპანია რამდენიმე წელია ახორციელებს ინდუსტრიულ ტურებს. წელს პირველად აღნიშნულ აქტივობას სტუ-ის საინფორმაციო ტურის ფარგლებში აბიტურიენტების საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ვიზიტი დაემატა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ პროექტში თავდაპირველად ჩვენი ოპერირების რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები ჩართულიყვნენ. სასიხარულოა, რომ სტუ-ის სტუდენტებისათვის სხვადასხვა პროექტების შეთავაზებამ, სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე სწავლების მსურველთა რაოდენობა საგრძნობლად გაზარდა. მჯერა, რომ დღევანდელი საინფორმაციო ტური, კიდევ ბევრ ახალგაზრდას დაეხმარება მომავალი პროფესიის არჩევაში.“ – არემჯის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ჩხეიძე.