2026 წლის 6–10 ნოემბერს იტალიაში, ქალაქ მერანოში საერთშორისო ღვინის ფესტივალი 35-ედ გაიმართა. წელს ღონისძიებაზე ქართული ღვინოები ბოლნისის დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალისა და ქართულ-გერმანული ღვინის სახლის სახელით იყო წარმოდგენილი. ქართველ მეღვინეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, თავიანთი ღვინოები სხვადასხვა ქვეყნის სომელიეებისთვის, ღვინის ექსპერტებისთვის, ჟურნალისტებისა და ბაიერებისათვის გაეცნოთ.
ბოლნისის დად ღვინის ფესტივალის 2026 წლის კონკურსში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 150-მდე ღვინო მონაწილეობდა. მათგან 11 საუკეთესო ღვინო შეირჩა, რომელთა მონაწილეობა მერანოზე კონკურსის მთავარი პრიზი იყო. ქართულ-გერმანულმა ღვინის სახლმა კი საერთაშორისო ფესტივალზე, სპეციალურად შერჩეული, დამატებით ექვსი ბოლნისური მარნის ღვინო წარადგინა.
ჯამში, წარდგენილი 17 ღვინიდან ექვსმა ოქროს, ორმა კი როსსოს ჯილდო დაიმსახურა.
6 ნოემბერს ფესტივალის ოფიციალური გალა-ვახშმის მენიუში ჯაფარიძის მეღვინეობის 2025 წლის „ბოლნისი თეთრი“ შევიდა. დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო მიშლენის ვარსკვლავიანი რესტორნის, Antica Corte Pallavicina-ს შეფის, მასიმო სპიგაროლის კერძს შეუხამეს.
8 ნოემბერს ფესტივალის ოფიციალური საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გაიმართა მასტერკლასი „ბოლნისის ღვინოები – ქართული ღვინის ახალი გამოხატულება“, რომელსაც იტალიაში ქართული ღვინის ელჩი თამარ ჭიჭიბოშვილი და იტალიელი ღვინის ექსპერტი ანდრეა რადიჩი უძღვებოდნენ. შეხვედრას სხვადასხვა ქვეყნის ღვინის ჟურნალისტები, მწერლები, სომელიეები და ექსპერტები ესწრებოდნენ, მათ შორის ფესტივალის დამფუძნებელი და პრეზიდენტი ჰელმუტ კოხერი.
მასტერკლასზე სტუმრებმა ხუთი ბოლნისური მარნის – „ქობულაძის მარნის“, „ჯაფარიძის მეღვინეობის“, „მუხიგული 1770-ის“, „კორტაველისა“ და „მარბანოს“ ღვინოები დააგემოვნეს, გაეცნენ ადგილწარმოშობის დასახელებას „ბოლნისი“ და XIX საუკუნეში ბოლნისში დასახლებული გერმანელების წვლილს ადგილობრივი მეღვინეობის განვითარებაში.
„ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო, რამდენად კარგად შეეწყობოდა ბოლნისური ღვინო იტალიურ მაღალ სამზარეულოს. ბოლნისური ღვინო თავისი ხასიათით, ხალასი მჟავიანობითა და სხეულით იდეალურად მოერგო შეფის მიერ შექმნილ კერძს. ამ შეხამებამ უცხოელი ღვინის კრიტიკოსებისა და სომელიეების ძალიან დადებითი შეფასებები დაიმსახურა.
ქართული ღვინის საერთაშორისო ცნობადობის გასაზრდელად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მასტერკლასებსაც. მნიშვნელოვანია, ჩვენი ღვინო გავაცნოთ იმ პროფესიონალებს, რომელთა შეფასებებსა და რეკომენდაციებს ღვინის სამყაროში დიდი წონა აქვს. მათმა რეკომენდაციამ შესაძლოა ქართული ღვინის მიმართ მნიშვნელოვანი ინტერესი და მოთხოვნა გააჩინოს“, – ჯაბა ძიმისტარიშვილი, საერთაშორისო სომელიე.
ბოლნისური მეღვინეობის განვითარება და ქართული ღვინის პოპულარიზაცია არემჯის სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მიმართულებაა. კომპანიის მხარდაჭერით ბოლნისის დად ღვინის ფესტივალი აერთიანებს როგორც ადგილობრივ, ისე საქართველოს სხვა რეგიონების მარნებს, მეღვინეებს პროფესიული შეფასების მიღების შესაძლებლობას აძლევს და გამარჯვებულებს საერთაშორისო ასპარეზზე გასვლაში ეხმარება.
„კომპანია RMG-ისთვის ბოლნისის ღვინის გაერთიანებასთან მრავალწლიანი თანამშრომლობა რეგიონის განვითარებისადმი ჩვენი პასუხისმგებლობისა და ხედვის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი ბოლნისის დად ღვინის ფესტივალის განვითარება და მისი საერთაშორისო მასშტაბის ზრდაა. მერანოს ფესტივალში მონაწილეობაც სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგია.“, – ზურაბ დევდარიანი, არემჯის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერი.