თურქეთის ქალაქ ანტალიაში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა
31-ე კონფერენცია (COP31) მიმდინარეობს. კონფერენცია მსოფლიოს თითქმის ყველა
ქვეყნის ლიდერებს, სამთავრობო დელეგაციებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს,
ბიზნესის, სამეცნიერო წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს
აერთიანებს.
COP 31-ს, არემჯის გარემოსდაცვითი დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კონფერენციის ფარგლებში, არემჯის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანალიტიკის
დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ქეთევან ჯინჭარაძემ, მონაწილეობა მიიღო გაეროს
გლობალური შეთანხმების უკრაინისა და გერმანიის ქსელების მიერ ორგანიზებულ
პანელურ დისკუსიაში – „ცირკულარული ეკონომიკა პრაქტიკაში: ვინ იხდის პროდუქტის
სასიცოცხლო ციკლის დასრულების ხარჯებს?“
პანელზე გამომსვლელებს შორის იყვნენ კერძო სექტორის, მრეწველობის, ნარჩენების
მართვისა და სამართლის სფეროს წარმომადგენლები. მათ ცირკულარული ეკონომიკის
განვითარების, რესურსების ეფექტიანი გამოყენებისა და ნარჩენების მართვის
თანამედროვე მიდგომებზე ისაუბრეს. პანელზე მხარეებმა ასევე განიხილეს
პროდუქციის სასიცოცხლო ციკლის მართვასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები
და ცირკულარული ეკონომიკის მოდელების დანერგვის შესაძლებლობები.
„COP-ს მე-2 წელია ვესწრებით. ამ მასშტაბურ ღონისძიებაზე დასწრებით ვიღებთ ძალიან
დიდ გამოცდილებას და ვიძენთ ახალ პროფესიულ კონტაქტებს, თუმცა წელს
საშუალება მოგვეცა რომ ერთ-ერთ პანელზე საკუთარი გამოცდილებაც გაგვეზიარებინა.
„არემჯი კოპერის“ მაგალითზე ვისაუბრე თუ რა ტიპის გამოწვევების წინაშე ვდგავართ
და როგორ ვცდილობთ საკუთარი საქმიანობა მაღალი გარემოსდაცვითი სტანდარტებითა
და პასუხისმგებლობით წარვმართოთ. ვფიქრობ ამ ტიპის შეხვედრებში მონაწილეობა
სასარგებლოა ყველა მხარისათვის“ – ქეთევან ჯინჭარაძე არემჯის გარემოზე
ზემოქმედების შეფასების ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციაში მონაწილეობა
არემჯის შესაძლებლობას აძლევს, გაეცნოს საერთაშორისო გამოცდილებას, დაამყაროს
ახალი პროფესიული კავშირები და გააძლიეროს საკუთარი წვლილი კლიმატის
ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში.
COP31-ის მიზანია კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ საერთაშორისო თანამშრომლობის
გაძლიერება და პარიზის შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების
დაჩქარება. კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ გლობალური ტემპერატურის
ზრდის 1.5°C-ის ფარგლებში შენარჩუნებას, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციას,
კლიმატის დაფინანსების გაზრდას, ემისიების შემცირებასა და სამართლიან
ენერგეტიკულ გარდაქმნას.