არემჯის დირექტორის მოადგილემ გარემოს დაცვის საკითხებში ალექსანდრე დევიძემ, კომპანიაზე მოხსენება წარადგინა გერმანიის წამყვან სამთო ფორუმზე, სახელით Mining Forum 2026.
ბერლინში, DMT Group-ის ორგანიზებითა და გერმანიის ეკონომიკური საკითხებისა და ენერგეტიკის ფედერალური სამინისტროს პატრონაჟით გამართულ ფორუმში 20-ზე მეტი ქვეყნის, 400-ზე მეტმა ექსპერტმა მიიღო მონაწილეობა.
2026 წლის Mining Forum-ის ძირითადი თემა კრიტიკული მინერალებზე წვდომასა და სამთო ნედლეულის მდგრადი და სტაბილური მიწოდების ჯაჭვებს ეხებოდა. MiningForum გერმანიის სამთო სექტორის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებას წარმოადგენს და წელს მან 20-ზე მეტი ქვეყნიდან 400-ზე მეტ ექსპერტს, ინდუსტრიის წარმომადგენელს, პოლიტიკის შემმუშავებელსა და მკვლევარს უმასპინძლა. ორდღიანი პროგრამის ფარგლებში წარდგენილ იქნა 50-ზე მეტი მოხსენება და გაიმართა დისკუსიები.
ალექსანდრე დევიძემ კონფერენციაზე წარადგინა მოხსენება „Georgia’s Mining Law in Transition“, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მარეგულირებელი ჩარჩოს ევოლუციას, ასევე საინვესტიციო გარემოს, ESG პრინციპებისა და ევროკავშირთან სამართლებრივი და ინსტიტუციური დაახლოების გავლენას სექტორის განვითარებაზე. მოხსენებაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამთო სექტორის მართვის მოდერნიზაციის აუცილებლობას, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს საინვესტიციო მიმზიდველობის, პასუხისმგებლიანი მინერალური რესურსების განვითარების, გარემოსდაცვითი მმართველობის გაძლიერებისა და ევროპულ სამართლებრივ და მმართველობით სტანდარტებთან დაახლოების დაბალანსებულ მიდგომას.
კონფერენციაში მონაწილეობის პარალელურად, არემჯის წარმომადგენლები ასევე დაესწრნენ სამთო გამოფენას, სადაც გაეცნენ სამთო ინდუსტრიაში გამოყენებულ უახლეს ტექნოლოგიებს, აღჭურვილობებსა და ინოვაციურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც პასუხისმგებლიანი, მდგრადი და ეფექტიანი სამთო საქმიანობის განვითარებას უწყობს ხელს.