კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას არემჯის საქმიანობაში მნიშვნელოვანი როლი აქვს. კომპანია ცდილობს სხვადასხვა მიმართულებით შექმნას სარგებელი და ამგვარად, ბოლნისის განვითარებას შეუწყოს ხელი. ერთ-ერთი პირველი წამოწყება წარმატებული მოსწავლეებისა და სტუდენტების მხარდაჭერა იყო, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებს განათლების მიღებაში უწყობდნენ ხელს. შემდეგ, არემჯი, ადგილობრივი მევენახეობა-მეღვინეობის აქტიური პოპულარიზაციის მიზნით, ადგილობრივ მარნებთან დაიწყო თანამშრომლობა. ერთ-ერთი ბოლოდროინდელი ინიციატივა კი, ბოლნისში მცირე ბიზნესის განვითარებაა, მათ შორის, ქალი მეწარმეების გაძლიერება და ადგილობრივი ეკონომიკური დოვლათის ზრდა. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობასა და ახალ პროექტებზე არემჯის წარმომადგენლები გვესაუბრნენ.
M: პირველ რიგში, მიმოვიხილოთ, რა როლი აქვს RMG-ისთვის კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას და რა მიმართულებებს აერთიანებს?
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა არემჯისთვის სტრატეგიული მიმართულებაა, რომელიც კომპანიის განვითარების გრძელვადიან გეგმაშია ინტეგრირებული. ჩვენი მიზანია, ყოველდღიური საქმიანობის დროს, კომპანიაში დასაქმებულებმა იხელმძღვანელონ კორპორაციული მდგრადობის პრინციპებით, რაც თავის მხრივ, ჩვენი ბიზნესის მდგრად განვითარებას შეუწყობს ხელს.
კომპანიის კორპორაციული პასუხისმგებლობა ქვემო ქართლის რეგიონში მსხვილი სოციალური, ინფრასტრუქტურული, აგრო, საგანმანათლებლო, კულტურული თუ სპორტული პროექტების მხარდაჭერას ითვალისწინებს.
ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს რეგიონში მცირე მეწარმეების განვითარებას და ამ მიმართულებით არაერთ პროექტს ვახორციელებთ. 2018 წელს ბოლნისელ მეღვინეებთან დაწყებული თანამშრომლობა კომპანიის კორპორაციული პასუხისმგებლობის ერთერთი თვალსაჩინო პროექტია, რომელიც ურთიერთობის მეოთხე წელს, ბევრ წარმატებულ ღონისძიებას და ერთობლივ აქტივობას უყრის თავს. მათ შორის, 12 აპრილს ბოლნისის მუზეუმში გამართული ბოლნისელი მევენახე-მეღვინეების პირველი ფორუმი.
M: როგორ ხედავთ თქვენს როლს ქალი მეწარმეების ხელშეწყობის კუთხით? ამ დროისთვის, როგორ ვითარდებიან ქალი მეწარმეები ბოლნისის რაიონში არემჯის მხარდაჭერით?
კომპანია დიდ ყურადღებას უთმობს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების და გენდერული თანასწორობის საკითხებს, ამიტომ რეგიონში სხვადასხვა კორპორაციული პასუხისმგებლობის პროექტების დაგეგმვისას და მათი განხორციელებისას, აქტიურად ვიწვევთ სათანამშრომლოდ ადგილობრივ ქალ მეწარმეებს.
ამჯერად არემჯიმ სააღდგომო პროექტში მონაწილეობა შესთავაზა ბოლნისელ მეწარმე რუსუდან ქვარცხავას, რომელიც „არტიზანული საცხობი ბიო პურის“ დამფუძნებელია. რუსუდანი განსხვავებული რეცეპტით დამზადებულ არტიზანულ პურებთან ერთად, მეორე წელია ხელნაკეთ ბიო პასკებს ამზადებს. მან იმუშავა არემჯის კორპორაციულ შეკვეთაზე. სწორედ რუსუდანის მიერ დიდი პასუხისმგებლობით და სიყვარულით დამზადებულ პროდუქციას გადასცემს კომპანია საჩუქრად რეგიონში მცხოვრებ სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებს (ბოლნისის უსინათლოთა კავშირს, დაბა კაზრეთის სოციალურად დაუცველთა საცხოვრისის და მოხუცთა დღის ცენტრის ბენეფიციარებს და სხვა.). პარალელურად რუსუდანმა არემჯის თანამშრომლებისათვის კაზრეთის ოფისში მისი საფირმო, ხელნაკეთი ბიო პასკების მომზადების მასტერკლასი და „არტიზანული საცხობი ბიო პურის“ პროდუქციის დეგუსტაცია გამართა.
ვფიქრობთ, რომ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და მსგავსი პროექტებში თუ კამპანიებში ჩართულობის წახალისებით ხელს შევუწყობთ რუსუდანს და სხვა ადგილობრივ ქალ მეწარმეებს გახდნენ უფრო აქტიურები, თავდაჯერებულები და ფინანსურად დამოუკიდებლები.