Search
Close this search box.

საზაფხულო სკოლა დასრულდა

არემჯის ერთთვიანი პრაქტიკული პროგრამა სტუდენტების მე-5 ნაკადმა წარმატებით გაიარა. „საზაფხულო სკოლა“ არემჯის ერთთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაა, რომელიც სტუდენტებს საზაფხულო არდადეგების პერიოდში დაბა კაზრეთში, კომპანიის საწარმოში პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას სთავაზობს.

სტუდენტები ერთი თვის განმავლობაში თავიანთი პროფესიებისა და ინტერესის შესაბამისად გადანაწილებულები იყვნენ ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა: გეოლოგია, ბურღვის ტექნოლოგიები, წიაღისეულის გადამუშავება, მარკშეიდერია, გეოტექნიკა და სამთო ტექნოლოგიები. 

“უკვე მეხუთე წელია ვახორციელებთ სტუდენტურ პროექტს სახელად „საზაფხულო სკოლა“, 2023 წელს მასში მონაწილეობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის 18 სტუდენტმა მიიღო. მათ გაიარეს ერთთვიანი საწარმოო პრაქტიკა და ჩართულები იყვნენ კომპანიის სამუშაოებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ახალგაზრდების მომავალი პროფესიის შერჩევისა და მათ პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში.“ – გიორგი ჩხეიძე, არემჯის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე  საკადრო საკითხებში.

აღნიშნული პროგრამა სტუდენტების ცოდნის გაფართოებას ემსახურება და საშუალებას აძლევს მათ საწარმოში ყოფნისას, რეალურ მოცემულობაში გაიხსენონ და გამოიყენონ ის თეორიული ცოდნა, რომელიც უნივერსიტეტში მიიღეს.

„ამ პროგრამამ მე, როგორც სტუდენტი, ნამდვილად განმავითარა ამ სფეროში, დამანახა ჩემი ძლიერი და სუსტი მხარეები; ის, თუ რის სწავლას უნდა მივაქციო უფრო მეტი ყურადღება და რას უნდა დავუთმო მეტი დრო; ამასთან, ტექნიკასთან შეხებამ მომცა დიდი გამოცდილება, ვინაიდან ამ კუთხით მხოლოდ თეორიული ცოდნა არ არის საკმარისი.“ – ცოტნე სელიმაშვილი, საზაფხულო სკოლა 2023-ის მონაწილე.

პროგრამის დასასრულს, სტუდენტებმა თავიანთი გამოცდილება არემჯის ხელმძღვანელებსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს შემაჯამებელი პრეზენტაციების სახით გაუზიარეს.

ღონისძიების მეორე ნაწილში სტუდენტებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ, ინტერესისა და პროექტში ჩართულობისთვის კი ყველა მონაწილე სერტიფიკატით დაჯილდოვდა. 

5 წლის განმავლობაში, საზაფხულო სკოლის პროექტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის 120-მდე სტუდენტმა გაიარა, მათგან 24 კი უკვე კომპანიის გუნდის წევრია.

კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში არემჯი მიჰყვება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ხარისხიანი განათლების ხელშეწყობა. ამ კუთხით, კომპანია სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივას ახორციელებს, მათ შორის გამორჩეულია ის სტუდენტური პროგრამები, რომელთაც არემჯი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ახორციელებს: არემჯის სტიპენდიატების პროგრამა, ინდივიდუალური განვითარების პროგრამა და საზაფხულო სკოლა.