Search
Close this search box.

ისტორიის კონკურს “დიდგორელის” მცხეთის გამარჯვებული არემჯის სტიპენდიატი გახდა

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ისტორიის კონკურს „დიდგორელის“ მცხეთის მუნიციპალიტეტის ფინალისტების დაჯილდოება  გაიმართა.

რიგით მე-9 მუნიციპალიტეტის გამარჯვებული და არემჯის 6 თვიანი სტიპენდიის მფლობელი, მცხეთის საჯარო სკოლის, მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ მაღალდაძე გახდა.

,,ჩემთვის დიდგორელის პროექტში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილებაა. პროექტ ,,დიდგორელის“ მონაწილეობა ძალიან შემეცნებითი იყო.  მონაწილეებმა არაერთი წიგნი წავიკითხეთ და ისტორიული მასალა დავამუშავეთ. მოხარული ვარ, რომ გავხდი პროექტის მონაწილე, მოვხვდი ტოპ ხუთეულში და პირველი ადგილიც ავიღე.‘’ – აღნიშნა მარიამ მაღალდაძემ.

ისტორიის კონკურს „დიდგორელში“  მცხეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები მაისის თვეში ჩაერთნენ. პროექტში მეორე ტურიდან მცხეთის მუნიციპალიტეტის თექვსმეტი სკოლის 120 მოსწავლე იყო ჩართული.

,,დიდგორელის პროექტი უკვე მეცხრე მუნიციპალიტეტში განხორციელდა. გვიხარია რომ მცხეთის მუნიციპალიტეტშიც, ისევე როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში, ,,დიდგორელის’’ პროექტმა მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია და ჩართულობაც მაღალი იყო. აღსანიშნავია, რომ თითოეულ მონაწილეს ძალიან მაღალი შედეგები ქონდა, რაც ჩვენთვის პროექტ ,,დიდგორელის” წარმომადგენლებისთვის ძალიან სასიხარულოა”.  – განაცხადა „დიდგორელის“ ავტორმა ლევან ჟვანიამ.

ისტორიის კონკურს „დიდგორელს“ საფუძველი 2019 წელს, თეთრიწყაროში ჩაეყარა. კონკურსის მიზანი მოსწავლეების საქართველოს ისტორიით დაინტერესება და მათი ცოდნის გაღრმავებაა.  ამ დროისთვის  თეთრიწყაროს, ბოლნისის, დმანისის, მარნეულის, წალკის, გარდაბნის, რუსთავის, მესტიის და ახლა უკვე მცხეთის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებში, პროექტში ჩართული მონაწილეების რაოდენობამ 2000-ს გადააჭარბა. ,,დიდგორელი’’, არემჯის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული ერთ-ერთი პოპულარული საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც მთელი ქვემო ქართლის რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ ათასობით ახალგაზრდა მოსწავლეს აერთიანებს.

,,არემჯის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა ახალგაზრდობის, ახალგაზრდული ინიციატივებისა და კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერა.  პროექტი ,,დიდგორელი’’ არის უმნიშვნელოვანესი პროექტი მოსწავლეებისთვის, რომელიც ეხმარება მათ უკეთ გაეცნონ საქართველოს ისტორიას. სწორედ ამიტომ, მხარს ვუჭერთ პროექტ ,,დიდგორელს’’  და გამარჯვებულს ტრადიციულად არემჯის ექვს თვიანი სტიპენდია დაენიშნება.’’ – განაცხადა არემჯის წარმომადგენელმა გიორგი კობახიძემ.