საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ისტორიის კონკურს „დიდგორელის“ წალკის მუნიციპალიტეტის ფინალისტების დაჯილდოება გაიმართა.
ქვემო ქართლში, რიგით მეექვსე მუნიციპალიტეტის გამარჯვებული და არემჯის 6 თვიანი სტიპენდიის მფლობელი, წალკის N 2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე მერი აბულაძე გახდა.
„დიდგორელის პროექტში მონაწილეობა და გამარჯვება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ბევრი ვიშრომეთ თითოეულმა მონაწილემ – ამ პროექტმა შეგვძინა ცოდნა, გამოცდილება, ძალიან ბევრი ვიკითხეთ და უამრავი საინტერესო ისტორიული ფაქტიც გავიგეთ. სასიხარულოა რომ გავხდი დიდგორელი, გამოცდილება რომელიც პროექტ დიდგორელის ფარგლებში მივიღე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც გამომადგება’’ – აღნიშნა მერი აბულაძემ.
ისტორიის კონკურს „დიდგორელში“ წალკის მუნიციპალიტეტის N1 და N2 საჯარო სკოლები ოქტომბრის თვეში ჩაერთნენ. საგანმანათლებლო პროექტის პირველ ტურში შემდგარი ტესტი 300-მდე მოსწავლემ წერა. პროექტის ხელმძღვანელ ირაკლი მიქიანის თქმით, კონკურსით დაინტერესებული ახალგაზრდების მონდომებამ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
,,პროექტი დიდგორელი აქტიურად განაგრძობს განვითარებას. პროექტის დაწყების დღიდან მას არაერთი საინტერესო კომპონენტი დაემატა. დიდგორელის მონაწილეები ქვემო ქართლში უკვე აქტიურად იღებენ ფილმებს და დაკავებული არიან სხვადასხვა აქტივობით რომელიც საქართველოს ისტორიის შესახებ ცოდნის ამაღლებას უწყობს ხელს. უახლოეს მომავალში იგეგმება დიდგორელის პროექტისთვის საერთაშორისო კომპონენტის დამატება და პროექტის ევროპის ქვეყნებში გატანა.‘’ – განაცხადა „დიდგორელის“ ხელმძღვანელმა ირაკლი მიქიანმა.
ისტორიის კონკურს „დიდგორელს“ საფუძველი 2019 წელს, თეთრიწყაროში ჩაეყარა. ის არემჯის კორპორაციული სოცილური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში განხორცილებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც რეგიონის ახალგაზრდების განვითარებაზეა ორიენტირებული.
„მოხარული ვარ, რომ დიდგორელების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და პროექტი, რომელიც 2019 წელს ჩვენი კომპანიის მხარდაჭერით დაიწყო, დღეს უკვე თითქმის მთელი ქვემო ქართლის ახალგაზრდებს აერთიანებს. „არემჯი“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ახალ თაობას მუდმივად სთავაზობს სხვადასხვა საგანმანათლებლო, სპორტულ თუ კულტურულ პროექტებში ჩართულობას, რაც მათ პიროვნულ განვითარებას უწყობს ხელს. ამ ახალგაზრდებთან კომუნიკაციას პროექტის დასრულების შემდეგაც ვაგრძელებთ და ვფიქრობ დიდგორელების მონაწილეობით კიდევ არაერთი საინტერესო გამოცდილება გველოდება წინ“- განაცხადა არემჯის კორპორაციული დირექტორის მოადგილემ საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ირაკლი შატაკიშვილმა.
ისტორიის კონკურს „დიდგორელს“ საფუძველი თეთრიწყაროში ჩაეყარა. „დიდგორელი“ სასკოლო კონკურსია, რომელიც სკოლის მოსწავლეებში საქართველოს ისტორიის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ამ დროისთვის თეთრიწყაროს, ბოლნისის, დმანისის, მარნეულის, გარდაბნის და ახლა უკვე წალკის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებში, პროექტში ჩართული ახალგაზრდების რაოდენობამ 2000-ს მიაღწია.