საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საგანმანათლებლო პროექტ „დიდგორელის“ ორგანიზებითა და არემჯის მხარდაჭერით, ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ მოსწავლეთა კონფერენცია გაიმართა.
მოსწავლეთა კონფერენცია პროექტ ,,დიდგორელის’’ ახალი კომპონენტია. კონფერენცია მიზნად ისახავს, საქართველოში არსებული უნიკალური და მივიწყებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოსწავლეებისთვის გაცნობას და მათ შესახებ ინფორმაციის გავრცელებას. კონფერენციისთვის, სკოლის მოსწავლეებმა, აფხაზეთში მდებარე ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის, ამბარას სამეკლესიანი ბაზილიკის, ბედიის მონასტრის და სხვა არაერთი მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შესახებ მოამზადეს ნაშრომები.
ისტორიის კონკურსი ,,დიდგორელი’’, არემჯის მხარდაჭერით 2019 წლიდან იმართება და ის კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული ერთ-ერთი პოპულარული საგანმანათლებლო პროექტია, რომელმაც მთელი ქვემო ქართლის რეგიონი და ათასობით ახალგაზრდა მოსწავლე გააერთიანა.
,,არემჯის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერა რეგიონში. „დიდგორელის“ ფარგლებში ეს პირველი კონფერენციაა, რომელიც აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ისტორიის კვლევას და მათი თანამედროვე მდგომარეობის შეფასებას მიეძღვნა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს აფხაზეთის საქართველოსგან განუყოფელობის იდეის პოპულარიზაციას.“ – გიორგი კობახიძე, არემჯის სპეციალისტი კულტურული მემკვიდრეობის საკითხებში.
დაარსების დღიდან პროექტ „დიდგორელს“ არაერთი განსხვავებული კომპონენტი დაემატა. წელს მოსწავლეთა კონფერენციის ფარგლებში მომზადებული ნაშრომები, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით ერთ წიგნად გამოიცემა, რომელიც საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებსა და სკოლებში, ყველა დაინტერესებულისთვის იქნება ხელმისაწვდომი.