Search
Close this search box.
Search
Close this search box.

არემჯი აგრძელებს ბოლნისელი მეღვინეების მხარდაჭერის პროგრამას

ბოლნისში, ქართულ-გერმანულ ღვინის სახლში ხელი მოეწერა შეთანხმებას კომპანია არემჯის, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიასა და მეღვინეთა გაერთიანება „ღვინო ბოლნისს“ შორის, რომელიც ბოლნისური ღვინის პოპულარიზაციის და ადგილობრივი მეღვინეების მხარდაჭერის საკითხში მხარეების შემდგომ საქმიანობას შეეხება.

შეთანხმება მხარეებს შორის 2018 წელს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაგრძელებაა და 6 წლის წინ დაწყებული თანამშრომლობის ახალ საფეხურზე გადასვლას ითვალისწინებს.

მემორანდუმის ხელის მომწერი მხარეებისა და დამატებით გაერთიანება „ღვინო ბოლნისში“ შემავალი მარნებიდან არჩეული 2 დამოუკიდებელი წევრის ჩართულობით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც  ბოლნისური მეღვინეობის შემდგომ განვითარებასა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მისი ცნობადობის გაზრდაზე აქტიურად იმუშავებს. 

„სიმბოლურია, რომ ამ სამმა პიროვნებამ მოვაწერეთ ხელი 2018-ში  მემორანდუმს და საფუძველი ჩავუყარეთ, ამ ძალიან ნაყოფიერ თანამშრომლობას. ნაყოფიერს და წარმატებულს პირველ რიგში ბოლნისელი მცირე მეწარმეებისათვის – ადგილობრივი მეღვინეებისათვის,  რომელთა ღვინოებიც დღეს  ქართულ-გერმანულ ღვინის სახლშია წარმოდგენილი.  ღვინის სახლიც მოგეხსენებათ ჩვენს მიერ სწორედ ბოლნისელი მეღვინეების მხარდაჭერის ფარგლებში განხორციელებული პროექტია.

განვლილი 5 წელი და მისი შედეგები მაძლევს იმის თქმის საშუალებას რომ ეს ახალი ეტაპიც იქნება წარმატებული. ვფიქრობ, შეთანხმების ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის საქმიანობა კიდევ უფრო გამჭვირვალეს გახდის პროცესებს და მეღვინეების მეტ ჩართულობას გამოიწვევს“ – ჯონი შუბითიძე, არემჯის აღმასრულებელი დირექტორი.

„თანამშრომლობის დაწყების დღიდან მართლაც ბევრი ხელისშემწყობი პირობა გაუჩნდათ ჩვენს მევენახე-მეღვინეებს. მათთვის ფაქტობრივად ყველა ტიპის მომსახურება არის ხელმისაწვდომი, როგორც არემჯი  მეღვინეების მხარდაჭერის პროგრამის, ასევე ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ბოლნისში გახსნილი „აგროცენტრის“ საქმიანობის ფარგლებში.

მადლობას ვუხდი კომპანიას ბოლნისში მეღვინეობის დარგის განვითარების საქმეში შეტანილი  წვლილისთვის და მოხარული ვარ, რომ გადავდივართ განვითარების მე-2 ეტაპზე. ეს ის ეტაპია, როდესაც ვფიქრობ, გაწეული შრომა უკვე დაგვიბრუნდება ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის სახით“ – დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი.

„ჩემთვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. 5 წლის წინ როდესაც ბ-ნ დავითთან და ბ-ნ ჯონისთან ერთად ხელს ვაწერდით ამ მემორანდუმს, დავისახეთ მიზანი, რომ მოდით, ერთად  ვიზრუნოთ ბოლნისზე და მსოფლიოს გავაცნოთ ეს ერთ-ერთი შესანიშნავი მხარე, თავისი საუკუნოვანი ტრადიციებითა და მრავალფეროვანი მეღვინეობით. 

დღეს ბოლნისურ ღვინოს უკვე იცნობენ რამდენიმე ქვეყანაში, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა გაორმაგებული ძალებით. რამდენიმე დღეში არემჯის მხარდაჭერით მივემგზავრებით ქალაქ დიუსელდორფში სადაც ძალიან საინტერესო ღონისძიებაზე 500-მდე სტუმარს გავაცნობთ ბოლნისურ ღვინოს. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა და ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგი, რომელმაც მოგვცა საშუალება ჩვენი ღვინოები  ევროპაში ჩაგვეტანა“ – გურამ ავქოფაშვილი, გაერთიანება „ღვინო ბოლნისის“ დამფუძნებელი.