Search
Close this search box.

არემჯის სტიპენდიატები 2024

დაბა კაზრეთში არემჯის ცენტრალურ ოფისში კომპანიის 2024 წლის სტიპენდიატები გამოვლინდნენ.

რჩეულ 25 სტუდენტს, სამახსოვრო სერტიფიკატები არემჯის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანმა ანზორ აბშილავამ გადასცეს.

არემჯის სასტიპენდიო კონკურსში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური, ენერგეტიკის, ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტების, მექანიკის ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის მეორე, მესამე და მეოთხე კურსის ბაკალავრებს, ასევე, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის 100-ზე მეტი სტუდენტი იღებდა მონაწილეობას. გასაუბრების შედეგად კომპანიის მენეჯერებმა 25 სტუდენტზე შეაჩერეს არჩევანი, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში არემჯისგან ფულად წახალისებას მიიღებენ.

არემჯიმ სტუ-ს სტუდენტებისათვის სტიპენდია 2018 წელს დააწესა. პროექტის მიზანს სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული საინჟინრო მიმართულების სტუდენტების აღმოჩენა და მათი მხარდაჭერა წარმოადგენს. 

ადგილზე ინდუსტრიული ტურის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება მიეცათ მოენახულებინათ ისტორიული მადნეულის კარიერი, დაეთვალიერებინათ არემჯის საწარმოები და ადგილზე გასცნობოდნენ მოპოვების პროცესს.

დღის ბოლოს არემჯის წარმომადგენლებმა სტიპენდიატები ბოლნისში ქართულ-გერმანულ ღვინის სახლში მიიწვიეს, რომელიც კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია და ბოლნისელი მცირე მეწარმეების გაძლიერებას ემსახურება. სტუდენტებმა დაათვალიერეს ისტორიული მნიშვნელობის სახლი, გაეცნენ კომპანიის 2023 წლის სოციალური პასუხისმგებლობის ანგარიშს და დააგემოვნეს ბოლნისური ღვინოები.

„ხუთ წელზე მეტია გრძელდება ჩვენი სტუდენტთა მხარდაჭერის პროგრამა და ჩემთვის ორმაგად სასიამოვნოა, რომ ბოლო წლებია სტიპენდიებს გავცემთ არა მხოლოდ გეოლოგიის და სამთო მიმართულების სტუდენტებზე, არამედ მათ დაემატნენ ენერგეტიკოსები, მეტალურგები, ინფორმატიკის და მექანიკის ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები. მომავალში იმედი გვაქვს, რომ ეს ახალგაზრდები დაგვიბრუნდებიან უკვე ახალი ცოდნით  და სამომავლოდ გახდებიან ჩვენი თანამშრომლები“ – ჯონი შუბითიძე არემჯის აღმასრულებელი დირექტორი.

„დღევანდელი დღე ჩემთვის და ამ პროგრამაში მონაწილე სხვადასხვა მიმართულების სტუდენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთად მოვიპოვეთ არემჯის ერთწლიანი სტიპენდია, რაც გვაძლევს დიდ მოტივაციას რომ გავაგრძელოთ სწავლა, კვლევა და ჩამოვყალიბდეთ ჩვენი საქმის პროფესიონალებად“ – დავით ელისაბედაშვილი, არემჯის 2024 წლის სტიპენდიატი.