Search
Close this search box.
Search
Close this search box.

არემჯის ინდივიდუალური განვითარების პროგრამა სტუდენტებისთვის

კომპანია არემჯიმ, სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრში, სტუ-ს სტუდენტებისთვის ინდივიდუალური განვითარების პროგრამის პრეზენტაცია გამართა.  პროექტის ფარგლებში, კონკურსისა და ორ ეტაპიანი გასაუბრების შედეგად შერჩეულ სტუდენტებს,  არემჯის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი,  მათ კომპეტენციებსა და ინტერესებზე მორგებულ დუალური სწავლების დროში გაწერილ გეგმას შესთავაზებს.

ამის შესახებ, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში გიორგი ჩხეიძემ ისაუბრა და სტუდენტებს პროექტში ჩართვისაკენ მოუწოდა.

ვფიქრობ, რომ სტუდენტებისთვის ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, გაეცნონ არა მხოლოდ მათ მიერ არჩეულ პროფესიებს, არამედ  ჩვენი კომპანიის მუშაობის სრულ ციკლს და ცალკეული სამსახურების მუშაობის სპეციფიკას. პირობითად, 1 წლის თავზე პროექტის მონაწილეს აქვს სრული წარმოდგენა თუ როგორ ხდება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, მისი გადამუშავება და რეალიზაცია. რა როლი აქვს ყოველდღიურ საქმიანობაში შრომის უსაფრთხოებას და გარემოს დაცვის ასპექტებს და სხვა.“- განმარტა ჩხეიძემ.

არემჯის ინდივიდუალური განვითარების პროექტში 2020 წელს 5 სტუდენტი ჩაერთო, რომლებმაც წარმატებით გაიარეს სპეციალურად მათთვის შედგენილი სასწავლო პროგრამა და დღეს კომპანიაში არიან დასაქმებული. პროექტის ფარგლებში მონაწილის ინდივიდუალურ განვითარებას საშუალოდ 1 წელი დაეთმობა და მისი მიმდინარეობისას სტუდენტები ანაზღაურებას მიიღებენ.

მერი ლეკიშვილი – გეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი: „ვარ გეოლოგიის ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი. პროექტის შესახებ პროფესორ-მასწავლებლებისაგან შევიტყვე.  ვფიქრობ, ინდივიდუალური განვითარების პროგრამა ძალიან მაგარი შესაძლებლობაა, ჩვენი მომავალი  პროფესიული  განვითარებისთვის. როგორც პრეზენტაციაზე მოვისმინე, პროექტის ფარგლებში შერჩეული სტუდენტებისთვის შედგება ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო განვითარების გეგმა. ძალიან დამაინტერესა შრომის უსაფრთხოების და ეკოლოგიის მიმართულებით ცოდნის მიღების შესაძლებლობამ.

ლევან რატიანი – ქიმიური ტექნოლოგიების და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტი: „ვარ არემჯის 2021 წლის სტიპენდიანტი, პარალელურად გავდივარ პრაქტიკას კომპანიის გეოლოგიურ ლაბორატორიაში. იმ დღიდან, რაც კომპანიაში მოვხვდი ძალიან მაინტერესებს რა ხდება სხვა ლაბორატორიებში, სურვილი მქონდა მათი დათვალიერების და სრული ტექნოლოგიური ციკლის გაცნობის. ვფიქრობ ეს პროექტი ზუსტად ჩემნაირი ცნობისმოყვარე ადამიანებისთვის არის. აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას და დიდი იმედი მაქვს, რომ ინდივიდუალური განვითარების პროექტის ერთ-ერთი მონაწილეც გავხდები.“

არემჯის ინდივიდუალური განვითარების პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური მიმართულების სტუდენტებს. მათ 2021 წლის 29 ნოემბრის ჩათვლით უნდა გამოაგზავნონ პირადი მონაცემები, აკადემიური მოსწრების ბარათი და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ მისამართზე scholarship@richmetalsgroup.com