არემჯი სამთო ინდუსტრიის მომავალი სპეციალისტების მომზადებას უწყობს ხელს

არემჯის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ბორუსან კატ საქართველოს სამმხრივი თანამშრომლობა სტუდენტებს თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის, პრაქტიკული ცოდნის მიღებისა და პროფესიული განვითარების ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არემჯის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბორუსან კატ საქართველოს შორის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს არემჯის კორპორაციულმა დირექტორმა კახაბერ მჭედლიშვილმა, უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა თამარ წერეთელმა და ბორუსან კატ საქართველოს გენერალურმა დირექტორმა ნიჰათ ბერქ ოზთურქმა.

თანამშრომლობის ფარგლებში ბორუსან კატ საქართველო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სასწავლო დანიშნულებით სარგებლობაში გადასცემს თანამედროვე სამთო, საგზაო და სამშენებლო ტექნიკის სიმულატორს. მისი საშუალებით სტუდენტები უსაფრთხო, სიმულირებულ გარემოში შეძლებენ მძიმე ტექნიკის მართვის შესწავლას.

პროექტი მხოლოდ ტექნოლოგიური აღჭურვილობის გადაცემით არ შემოიფარგლება. მომდევნო ეტაპზე დაგეგმილია სტუდენტებისა და მომავალი ოპერატორების პროფესიული გადამზადება, რისთვისაც საქართველოში უცხოეთიდან პროფესიონალი ინსტრუქტორი ჩამოვა.

პროექტში არემჯის მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრაქტიკული სწავლებისა და ინდუსტრიის საჭიროებებთან განათლების დაახლოების მიმართულებით. კომპანია საკუთარ საწარმოო საქმიანობაში აქტიურად იყენებს Caterpillar-ის სამთო ტექნიკას და დაინტერესებულია მაღალკვალიფიციური ადამიანური რესურსის მომზადებით.

არემჯის კორპორაციული დირექტორის, კახაბერ მჭედლიშვილის განცხადებით, განათლებასა და ბიზნესს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია როგორც ახალგაზრდების პროფესიული განვითარებისთვის, ისე მთლიანად სამთო ინდუსტრიისთვის.

კახაბერ მჭედლიშვილი, არემჯის კორპორაციული დირექტორი:

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამთო ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად ვიზრუნოთ იმ პროფესიონალების მომზადებაზეც, რომლებიც ამ ინდუსტრიაში იმუშავებენ. თანამედროვე ტექნიკის ეფექტიანი და უსაფრთხო ექსპლუატაცია შესაბამის ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს მოითხოვს. სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია, რომ უნივერსიტეტთან და ბორუსან კატ საქართველოსთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა მომავალი კვალიფიციური კადრების მოსამზადებლად.

არემჯი მზად არის, ამ პროცესში საკუთარი გამოცდილება და საწარმოო რესურსი ჩართოს. ჩვენი სურვილია, სტუდენტებმა უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა რეალურ სამუშაო გარემოში გამოსცადონ და პროფესიული განვითარების კონკრეტული შესაძლებლობა ჰქონდეთ. ეს არის ინვესტიცია ადამიანურ რესურსში და იმ პროფესიულ მომავალში, რომელიც ჩვენი ინდუსტრიის განვითარებისთვის აუცილებელია“.

თანამშრომლობის ფარგლებში არემჯი მზად არის, საკუთარ საწარმოო ტერიტორიაზე გამოყოს სივრცე, სადაც სტუდენტები სიმულატორზე მიღებული ცოდნის შემდეგ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებასა და შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობის მიღებას შეძლებენ.

არემჯი საწარმოო საქმიანობაში აქტიურად იყენებს Caterpillar-ის სამთო ტექნიკას. ახალი ინიციატივა არსებული პარტნიორობის გაგრძელებაა და მას საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარების მიმართულებასაც უმატებს.

სამმხრივი თანამშრომლობა აერთიანებს უმაღლესი განათლების, კერძო სექტორისა და ტექნოლოგიური გამოცდილების რესურსებს. მისი მთავარი მიზანია, სტუდენტებს მისცეს პრაქტიკული ცოდნისა და პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობა, ხოლო სამთო ინდუსტრიას ხელი შეუწყოს კვალიფიციური კადრების მომზადებაში.