თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის დაარსებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
არემჯის გენერალურმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ გეოლოგიის ინსტიტუტს 100 წლის იუბილე მიულოცა. მან ინსტიტუტის საუკუნოვან ისტორიაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მას დღემდე საკუთარი ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს მეცნიერების განვითარებაში.
„ალექსანდრე ჯანელიძემ და მისმა თანამოაზრეებმა არა მხოლოდ საფუძველი ჩაუყარეს საქართველოში გეოლოგიური მეცნიერების განვითარებას, არამედ შექმნეს მდიდარი სამეცნიერო სკოლა, რომლის გამოცდილებაც ამ დრომდე მომავალ თაობებს გადაეცემა. მოხარული ვარ, რომ დღეს ამ სკოლის ტრადიციებს ღირსეულად აგრძელებს და ავითარებს გეოლოგიის ინსტიტუტის მოქმედი, მაღალკვალიფიციური კოლექტივი. ეს როგორც კერძო სექტორს, გვაძლევს სტიმულს და გვიჩენს ინტერესს, გავაგრძელოთ ინსტიტუტთან მჭიდრო თანამშრომლობა, როგორც სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში, ასევე სხვა ერთობლივი პროექტების ფარგლებში.“- განაცხადა არემჯის გენერალურმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ.
თსუ-ის მხარდაჭერით, გეოლოგიის ინსტიტუტის 100 წლის იუბილეს ფარგლებში, ასევე გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია „მიღწევები და გამოწვევები გეოლოგიაში“, რომელიც მიზნად ისახავდა ქართველი მეცნიერთა მიღწევების წარმოჩენას, ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას. ღონისძიების ბოლოს ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის საპატიო მედლების გადაცემის საზეიმო ცერემონია გაიმართა.