არემჯის სტუდენტური მხარდაჭერის პროგრამის, საზაფხულო სკოლის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. სტუდენტებმა შემაჯამებელი პრეზენტაციები გამართეს. ღონისძიების ბოლოს, მათ სამახსოვრო სერტიფიკატები გადაეცათ.
არემჯის საზაფხულო სკოლის შემაჯამებელი ღონისძიება კომპანიის თბილისის ოფისში გაიმართა. მას გენერალური დირექტორის მოადგილე ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში გიორგი ჩხეიძე უძღვებოდა. სტუდენტების პრეზენტაციები მოისმინეს და მათ დაჯილდოებაში მიიღეს მონაწილეობა სტუ-ის სამთო-გეოლოგიისა და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ხელმძღვანელმა პროფესორმა ნოე ხოზრევანიძემ, სტუ-ის პროფესორებმა – ანზორ აბშილავამ, ნოდარ ფოფორაძემ და გიორგი ხეცურიანმა.
მე-2 წელია, რაც არემჯის საზაფხულო სკოლაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიის მიმართულების სტუდენტებიც მონაწილეობენ.
წელს სკოლამ სტუდენტების მე-7 ნაკადი მიიღო საკუთარ საწარმოში. საზაფხულო სკოლა არემჯის ერთთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაა, რომელიც 2018 წლიდან სტუდენტებს საზაფხულო არდადეგების პერიოდში დაბა კაზრეთში, კომპანიის საწარმოში პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას სთავაზობს.
„საზაფხულო სკოლაში მისვლისთანავე დაგვხვდა მეგობრული გარემო, ჩვენს პრაქტიკებს წარმართავდნენ მაღალი დონის პროფესიონალები. დასაწყისში ამომწურავი ინფორმაცია მივიღე შრომის უსაფრთხოების წესების შესახებ, რამაც ჩვენს უსაფრთხოდ საქმიანობას შეუწყო ხელი. პირადად მე ბევრი ისეთი რამ ვისწავლე, რამაც საგრძნობლად აამაღლა ჩემი ცოდნა და გამხადა უფრო თავდაჯერებული.
პრაქტიკული სამუშაოების დამთავრების შემდეგ, ჯგუფებმა მოვამზადეთ პრეზენტაციები, სადაც ვისაუბრეთ პროექტში მიღებულ გამოცდილებაზე. ჩემი ჯგუფის მთავარი თემა იყო სამთო საქმე, ღია კარიერული წესით დამუშავება, რადგან ეს მიმართულება ძალიან მოგვეწონა და უფრო სიღრმეებმა დაგვაინტერესა.“ – ზურა ტყემალაძე სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი .
„არემჯიში ერთთვიანი პრაქტიკა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა. ეს იყო შესაძლებლობა, ჩემს პროფესიას პრაქტიკულად შევხებოდი და უკეთ გამეგო, რამდენად მნიშვნელოვანია ის რეალურ ცხოვრებაში.
საზაფხულო სკოლაში მივიღე მაგალითები, რამაც დამანახა, თუ როგორ უნდა გამოვიყენო აქამდე მიღებული თეორიული ცოდნა უშუალოდ პრაქტიკაში. დავრწმუნდი, რომ ჩემი არჩევანი სწორია და ამ მიმართულებით განვითარება მომცემს როგორც პირად, ასევე პროფესიულ წარმატებას.
გარდა ამისა, პროექტმა განმივითარა პასუხისმგებლობის გრძნობა, დამანახა გუნდური მუშაობის მნიშვნელობა და ის, თუ რამდენად საჭიროა შემოქმედებითი მიდგომა ნებისმიერ საქმეში.“ – ანა ზურაბიშვილი, სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი.
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, არემჯის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ხარისხიანი განათლების ხელშეწყობაა, რაც გაეროს მდგრადი განვითარების მე-4 მიზანს ეხმიანება. წლებია კომპანია სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივას ახორციელებს, მათ შორის აღსანიშნავია სტუ-ისთან და სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან პარტნიორობით ჩატარებული სტუდენტური პროექტები, როგორიც არის საზაფხულო სკოლა.