Search
Close this search box.

საფეხბურთო კლუბი „სიონი“ – ახალწვეულების წარდგენა

ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე ბოლნისის საფეხბურთო კლუბმა „სიონმა“ ახალწვეულების წარდგენა გამართა. კლუბის მესვეურებმა სტუმრებს და გულშემატკივრებს ახალ მოთამაშეებთან ერთად, სამომავლო გეგმებიც გააცნეს.

„სიონი“ ახალ სეზონს ახალი სათამაშო ფორმით იწყებს.  წლევანდელ სეზონს, ბოლნისური კლუბი „მაკრონის“ ფირმის მაისურებით იასპარეზებს. კვლავ უცვლელი რჩება სათამაშო მაისურის ფერები. გუნდი საშინაო მატჩებს ყვითელი, ხოლო გასვლით მატჩებს შავი ფერის მაისურებით ჩაატარებს. 

„დღეს გულშემატკივრებს წარვუდგინეთ ახალწვეულები და ვისაუბრეთ ახალი სეზონისთვის დასახულ მიზნებსა და სამომავლო კონკრეტულ გეგმებზე. გუნდისთვის მოსამზადებელი პერიოდი ძალიან ნაყოფიერი გამოდგა, 7 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური ვარჯიშები და ასევე, რამდენიმე მნიშვნელოვანი ამხანაგური მატჩიც გავმართეთ. ვფიქრობ, რომ ჩემპიონატის პირველივე ტურისთვის გუნდი კარგად არის მომზადებული“ – გიორგი ოქროპირიძე, ბოლნისის სიონის მთავარი მწვრთნელი.

შეხვედრაზე გახმოვანდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, კლუბის არსებობის განმავლობაში, წელს პირველად ყალიბდება საფეხბურთო სკოლა „სიონი“, რომელიც ახალი თაობის  გაზრდაზე იქნება ორიენტირებული. 

არემჯი უცვლელად რჩება კლუბის გენერალურ სპონსორად და მთავარ მხარდამჭერად. კომპანია ბოლნისის მუნიციპალიტეტში მთავარი დამსაქმებელია და რეგიონში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ხელს უწყობს, როგორც პროფესიონალურ გუნდებს, ასევე ახალგაზრდა სპორტსმენებს.  

„კომპანია არემჯი 2016 წლიდან არის ბოლნისის „სიონის“ გენერალური სპონსორი და მოხარული ვართ, რომ დღემდე ვაგრძელებთ ამ თანამშრომლობას. დღეს, კლუბის მხრიდან მოვისმინეთ ის ამოცანები და მიზნები, რომლებიც საკმაოდ ოპტიმისტურია. აღსანიშნავია, ახალწვეულების დამატება, რომლებიც, ვფიქრობ, დიდ წვლილს შეიტანენ დასახული მიზნებისა და ამოცანების განხორციელებაში. ვგულშემატკივრობთ და წარმატებას ვუსურვებთ ბოლნისის ამ ისტორიულ საფეხბურთო კლუბს“ – ზურა დევდარიანი, არემჯის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერი.