არემჯის მხარდაჭერით ყოველწლიურმა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციამ მე-10 ღონისძიებას უმასპინძლა.

27-28 სექტემბერს, არემჯის მხარდაჭერით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გეოლოგიისა და სამთო საქმის მე-10 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – „სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარება ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა“ გაიმართა. 

კონფერენციის ორგანიზატორები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტი, საქართველოს მინერალოგიური საზოგადოება, გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი და ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტი არიან.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენი კომპანია მდგრადად აგრძელებს იმ კონფერენციის მხარდაჭერას, რომელიც ყოველწლიურად გეოლოგიისა  და სამთო დარგის აქტუალურ საკითხებს ეხმიანება. მნიშვნელოვანია ისეთი პლატფორმის არსებობა, სადაც სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის აკადემიური პერსონალი, სამეცნიერო წრის წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები და სტუდენტები  ვიკრიბებით და განვიხილავთ, როგორც სამთო საქმის და გეოლოგიის დარგებში წამოჭრილ საკითხებსა და გამოწვევებს, ასევე  ვმსჯელობთ დარგის განვითარების თანამედროვე გზებსა და უახლეს სამეცნიერო-ტექნიკურ მიღწევებზე” –  ჯონი შუბითიძე, არემჯის აღმასრულებელი დირექტორი, კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტის წევრი. 

უკვე რამდენიმე წელია არემჯი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, მხარს უჭერს უნივერსიტეტის სხვადასხვა ინიციატივას და ახორციელებს სტუდენტურ პროგრამებს სტუ-ის სტუდენტებისთვის. აღსანიშნავია, რომ სწორედ მსგავსი თანამშრომლობის შედეგად, ყოველწლიურად იზრდება სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტით დაინტერესებულ აპლიკანტთა რიცხვი.

„სამთო-გეოლოგიური დარგის სპეციალისტები და კერძო სექტორი ღიად საუბრობენ სპეციალისტების ნაკლებობაზე, რაც ერთ-ერთი მტკივნეული საკითხია. თუმცა, 2024/25 სასწავლო წლის ეროვნული გამოცდებით სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე ჩარიცხულ აპლიკანტთა რაოდენობა, გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ ძალიან მალე ეს პრობლემა გადაიჭრება და დარგს ეყოლება მაღალკვალიფიციური კადრები. ჩვენ ამ წარმატებას „არემჯისთან“ ერთად ნაბიჯ-ნაბიჯ მივუახლოვდით. ჩვენი სტუდენტები არემჯიშიც გადიან საწარმოო პრაქტიკას და წარმატებით საქმდებიან. უნივერსიტეტის სახელით, მადლობას ვუხდით უნივერსიტეტის პარტნიორებს მხარდაჭერისთვის“ – პროფესორი თამარ ლომინაძე.

მინერალოგების მე-10 კონფერენციის თემები საქართველოს ბუნებრივი რესურსების თანამიმდევრულ შესწავლას, მინერალური რესურსების კლასიფიკაციას, წყლის რესურსებს და სწორი გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარებას შეეხო. ამავე ღონისძიების ფარგლებში იყო განხილული ნარჩენების მართვა, დიდი სამთო და გეოლოგიური საწარმოების საინჟინრო-გეოლოგიური, ეკოლოგიური და სოციალური ფაქტორების შესწავლა.