Search
Close this search box.
Search
Close this search box.

არემჯიმ სტუ-ს ლაბორატორიული ინვენტარი გადასცა

არემჯიმ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტს  საველე და ლაბორატორიული სამუშაოებისთვის ინვენტარი გადასცა.

12 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტს არემჯისგან საველე და ლაბორატორიული სამუშაოებისთვის საჭირო ტექნიკა და ხელსაწყოები გადაეცა. სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების უზრუნველყოფის მიზნით, არემჯი რამდენიმე წელია აქტიურად არის ჩართული სტუ-ს ინფრასტრუქტურული განახლების პროცესში.

„გარდა სტუდენტთა პროფესიული განვითარების პროგრამებისა, ჩვენთვის პრიორიტეტია უნივერსიტეტის ლაბორატორიების თანამედროვე ხელსაწყოებით აღჭურვა. დღეს ტექნიკურ უნივერსიტეტს მნიშვნელოვანი დანადგარები გადაეცა როგორც გამდიდრების, ასევე გეოტექნიკური და გეოლოგიური მიმართულებით. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ლექტორებს საშუალება ჰქონდეთ ახალი ტექნიკა-აპარატურით იხელმძღვანელონ და სტუდენტებს თანამედროვე ლაბორატორიულ მეთოდებზე გაუზიარონ ცოდნა“ – გიორგი ჩხეიძე, არემჯის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში.

არემჯისა და სტუ-ს თანამშრომლობის ფარგლებში უნივერსიტეტისთვის გადაცემული ინვენტარის გამოყენება ხელს შეუწყობს სტუდენტების ცოდნის გაღრმავებას. ზემოაღნიშნულის გარდა, უნივერსიტეტს გაეწია ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც კვლევისათვის საჭირო სხვადასხვა ხელსაწყოების შეძენას მოხმარდება.

„ძალიან დასაფასებელია, რომ არემჯი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გვერდში უდგას, როგორც სტუდენტების პროფესიული მხარდაჭერით, ისე – უნივერსიტეტის ტექნიკური ბაზის განახლებით.
ჩვენი მაგისტრანტებისა და დოქტორანტების კვლევებისთვის აქტიურად ვიყენებთ გასულ წელს გადმოცემულ ინსტრუმენტებს, დღეს გადმოცემული ინვენტარი კი – ნიმუშების დასამუშავებელი ხელსაწყო და ატომურ-აბსორბციული ანალიზატორი ძალიან დაგვეხმარება
სასწავლო პროცესში, ლაბორატორიული სამუშაოების დროს და კვლევით ნაწილში.“ – ნოდარ ფოფორაძე, გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

დღის დასასრულს უნივერსიტეტში 3D გეოლოგიური მოდელირების სასწავლო კურსის დახურვის ცერემონია გაიმართა. 3D გეოლოგიური მოდელირება სტუ-ს სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ბაზაზე არსებული არემჯის სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრის საბაზისო კურსია, რომელიც სტუ-ში ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კურსი, რომელიც 15 სტუდენტმა წარმატებით გაიარა, თანამედროვე გეოლოგიურ პროგრამების შესწავლას ითვალისწინებდა. სტუდენტებმა საბოლოო ნამუშევრები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს და არემჯის აღმასრულებელ დირექტორს წარუდგინეს.

„გეოლოგიური მოდელის და ტოპოგრაფიული ზედაპირის შექმნა, ჭაბურღილების აგება და მათი მეშვეობით მადნიანი სხეულების ფორმირება ის რამდენიმე მიმართულებაა, რაზეც სტუდენტები ამ პროგრამის მეშვეობით მუშაობდნენ. 3D გეოლოგიური მოდელირების ცოდნა დღეს ამ სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის ძალიან საჭიროა, ამასთან კი სტუდენტებს ეხმარება სწავლის პერიოდში დამოუკიდებლად დაამუშაონ გეოლოგიური ინფორმაცია და თემები.“ – ბადრი გოგია, კურსის ხელმძღვანელი, არემჯის რესურსების გეოლოგი.

არემჯის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, უკვე მეხუთე წელია ინერგება და ხორციელდება სტუდენტებისთვის ხარისხიანი პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად საჭირო ინიციატივები, რომელთა შორისაცაა არემჯის სტიპენდიატების პროგრამა, ინდივიდუალური განვითარების პროგრამა და საზაფხულო სკოლა.

კომპანია ყოველწლიურად ახორციელებს სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშემწყობ პროგრამებს და მნიშვნელოვანად მონაწილეობს სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ინფრასტრუქტურისა და ლაბორატორიული ბაზების განახლებაში.