სოციალური პასუხისმგებლობა
კომპანია "არემჯის" ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება გარემოს დაცვაზე ზრუნვაა. კარიერის დამუშავებით გარემოზე მიყენებული ზიანი გამოიხატება მცენარეული საფარის დაზიანებასა და რელიეფის დარღვევაში. დასამუშავებელი ტერიტორიის მცენარეული საფარი წარმოდგენილია ფოთლოვანი ტყით და ბუჩქნარით. სამთო სამუშაოების დაწყების წინ ხდება გასაჩეხი ხეების მოცულობის აზომვა და შესაბამისი საკომპენსაციო ტყის გაშენება.

კომპანია „არემჯის“ საწარმოში შემოსვლის შემდეგ, გარემოს დაცვის სფეროში გატარდა რიგი ღონისძიებები.

2012 წელს, კომპანიაში ჩამოყალიბდა ჯანდაცვის, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის სამსახურის ახალი სტრუქტურა. შემუშავდა ახალი გარემოსდაცვითი პოლიტიკა. კომპანიის ქიმიური ლაბორატორია აღიჭურვა თანამედროვე ექსპრეს ანალიზატორებით ხსნარებში მძიმე მეტალების, ციანიდებისა და სულფატის იონების შემცველობის და ატმოსფერული ჰაერის სიმღვრივის განსასაზღვრად. ყოველდღიურად მიმდინარეობს შემდეგი სახის მონიტორინგი:
  • წყლის ჩაშვებაზე; 
  • ატმოსფეროში მტვრის გაფრქვევებზე; 
  • HCN გაზის რაოდენობაზე; 
  • სანაყაროებზე; 
  • მილსადენების გამართულობაზე; 
  • კუდსაცავზე;
კარიერული მჟავე წყლის აღწერა

კარიერში ჩამდინარე და გამომავალი წყლები ხასიათდება ლითონების მაღალი შემცველობით და მაღალი მჟავიანობით. კარიერის გარშემო და საწარმოო ტერიტორიის ნაწილიდან გამდინარე წყლის ხარისხზე გავლენას ახდენს კარიერიდან ამოღებული,ზედაპირზე დაყრილი მინერალიზირებული ფუჭი ქანები. საბადოს კარიერული მჟავე წყლები წარმოადგენს მძიმე ლითონების სულფატურ წყალხსნარებს, რაც განპირობებულია საბადოს ჰიდროგეოლოგიური მახასიათებლებით და საბადოზე განვითარებული ეგზოგენური და მიკრობიოლოგიური ფაქტორებით. ამ წყლების ძირითადი ნაწილი, კარიერის ფსკერიდან ამოტუმბული მჟავე წყლის ჩათვლით, ლოკალიზდება საბადოს დასავლეთ ნაწილში მოწყობილ საგუბარში.

კარიერული მჟავე წყლის გასუფთავებისა და სპილენძის ცემენტაციის ტექნოლოგია

მჟავე წყლის გასუფთავებისა და მისგან სპილენძის ამოკრეფისათვის გამოყენებულია ცემენტაციის ტექნოლოგია. შემდგომში გასუფთავებულ წყალს ემატება კირი,რის შედეგადაც ხდება მჟავიანობის განეიტრალება და ნარჩენი სულფატ-იონების უხსნად ნაერთში გადაყვანა. ამის შემდეგ ხდება მისი გადატუმბვა კუდსაცავზე. შემდგომ ხდება მისი გამოიყენება, როგორც შებრუნებული წყლისა, გამამდიდრებელი ფაბრიკის ტექნოლოგიურ პროცესში.

რეგიონის გრუნტის წყლები

პროექტის ფარგლებში არ ხდება გრუნტის წყლების ამოღება და ვინაიდან ტექნოლოგიურად ორივე საწარმოში წყლის ცირკულაცია  დახურულ ციკლში მიმდინარეობს, არ ხდება გამოყენებული წყლის ჩაშვება გრუნტის წყლებში.

ოქროს წარმოება

გროვული გამოტუტვის მოედნების ირგვლივ ყოველკვირეულად მოწმდება HCN გაზები, რომელიც მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობით არის დაფიქსირებული. პროფესიული ჯანმრთელობის დაცვის სახელმძღვანელო მასალებში განსაზღვრულია, რომ უსაფრთხო სამუშაო გარემოში HCN გაზების კონცენტრაცია 5 ppm-ზე ნაკლები უნდა იყოს.

უბანზე გამოყენებული წყალი მთლიანად ლოკალიზებულია. სანიაღვრე წყლის აუზი დაპროექტდა და აშენდა ისეთნაირად, რომ დაიტიოს ორთვიან საშუალო მაქსიმალური წვიმის რაოდენობაზე (215 მმ) ორჯერ მეტი, ანუ  430 მმ ერთჯერადად მოსული ნალექი.

წყლის ხარისხის მონიტორინგი

კომპანიის გარემოს დაცვის დეპარტამენტი ყოველდღიურად ახორციელებს წყლის ხარისხის შემოწმებას, რომლის ძირითადი მიზანია იმის ჩვენება, რომ წყალში არ აღინიშნება თავისუფალი ციანიდის ან ციანიდის სხვადასხვა მეტალოკომპლექსების შემცველობა. ღია კარიერის ირგვლივ შერჩეულია სინჯის აღების 4 ადგილი, რომლებიც პოტენციურად ჰიდრავლიკურ უწყვეტობაში არიან ღია კარიერის წყლებთან:

ადგილი # 1: ფუჭი ქანების ნაყარიდან გამომდინარე წყალი ღია კარიერის დასავლეთით, მდინარე კაზრეთულამდე;
ადგილი # 2: მდინარე კაზრეთულასა და მდინარე მაშავერას შესართავზე;
ადგილი # 3: მდინარე მაშავერაზე, ბოლნისთან;
ადგილი # 4: ღია კარიერის აღმოსავლეთით მდინარე მაშავერაში ჩამდინარე ნაკადულზე;


„არემეჯი კოპერის“ წყლის ცირკულაციის სქემის აღწერა:
 
  • კარიერული მჟავე წყალი ბუნებრივად, ატმოსფერული ნალექებისა თუ ბუნებრივი გამოსავლების ხარჯზე, გროვდება კარიერის ფსკერზე მოწყობილ გუბურაში; 
  • მჟავე წყალი კარიერის ფსკერიდან სპეციალური ტუმბოებისა და მილსადენის საშუალებით იტუმბება მეორე სანაყაროს ქვეშ მოწყობილ მჟავე წყლის შემკრებ რეზერვუარში; 
  • იგივე რეზერვუარში გროვდება #2 სანაყაროდან ჩამონადენი წყალი, რომელიც ასევე დაბალი pH-ით ხასიათდება; 
  • დამბიდან მჟავე წყალი თვითდინებით მიედინება გამამდიდრებელ ფაბრიკაში, სადაც ხდება მისი დამუშავება და მისგან სპილენძის ცემენტიზირებული კონცენტრატის მიღება; 
  • ამის შემდეგ, ნარჩენი მჟავე  წყალი სპილენძის მადნის გადამუშავების შემდეგ წარმოქმნილ ე.წ. „პულპასთან“ ერთად სპეციალური ტუმბოებისა და მილსადენის საშუალებით გადაიტუმბება კუდსაცავში; 
  • კუდსაცავიდან გამოჟონილი წყალი გროვდება კუდსაცავის ძირში მოწყობილ სადრენაჟო წყლის გუბურაში; 
  • აქვე გროვდება მდ. მაშავერადან დამატებული წყალი; 
  • გუბურიდან წყალი სპეციალური ტუმბოებისა და მილსადენის საშუალებით გადაიტუმბება უკან, კუდსაცავში; 
  • კუდსაცავში ხდება მძიმე ნაწილაკების დალექვა, ხოლო წყალი ასევე სპეციალური ტუმბოებისა და მილსადენის საშუალებით ბრუნდება საწარმოში მადნის „ფლოტაციის“ პროცესის უზრუნველსაყოფად;
  • ამგვარად, „არემჯი კოპერის“ წყალი ჩაკეტილ ციკლში ცირკულირებს.

„არემჯი გოლდის“ წყლის ცირკულაციის სქემის აღწერა

  • გროვული გამოტუტვის მოედნები ამოგებულია წყალგაუმტარი, მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის საგებით (HDPE);
  • მოედნებზე განთავსებულია დამსხვრეული მადნის გროვები, რომლებზეც ხდება 0,06% ნატრიუმის ციანიდის ხსნარის დასხურება;
  • ხსნარის საშუალებით გამოტუტული ოქროს მადანი საგებზე ჩაედინება მადნით დატვირთული ხსნარის გუბურაში;
  • აქედან ხსნარი მიეწოდება აქტივირებული ნახშირის ფილტრს, სადაც ხდება ოქროს ადსორბცია აქტივირებულ ნახშირზე;
  • ნარჩენი წყალი გადადის კონცენტრირებული ციანიდის ხსნარის გუბურაში, სადაც ხდება ციანიდის დამატება და ისევ გროვებზე მიწოდება დასხურებისათვის;
  • აქაც წყალი შეკრულ ციკლში მოძრაობს;
მტვერწარმოქმნის პრევენცია

კარიერის ექსპლუატაციის შედეგად წარმოქმნილი მტვერი და აფეთქების შედეგად გამოყოფილი აირები არ განეკუთვნება გარემოს ძლიერ დამაბინძურებელთა ჯგუფს. მიუხედავად ამისა, საკარიერო მჟავე წყლების ნეიტრალიზაციის გარდა აუცილებელია გატარდეს მტვერთან ბრძოლის ქმედითი ღონისძიებები, რომელთაგან ძირითად საშუალებას წარმოადგენს
მტვერწარმოქმნის კერების პერიოდული მორწყვა წყლით.
მტვრის განაწილების შემცირების მიზნით კომპანიის სპეციალური, წყლით აღჭურვილი მანქანებით ხორციელდება სატრანსპორტო გზების ყოველდღიური მორწყვა.
მტვერწარმოქმნის ძირითადი წყაროებია საკარიერო და მაგისტრალური გზები, ფუჭი ქანების სანაყაროები. მტვრის ემისიების კონტროლი განხორციელდება წყლის საშხეფი სისტემებით, რომლებიც დამონტაჟებულია მადნის დამსხვრევისა და გადატანის პუნქტებზე. გაბატონებული ქარების მიმართულების გათვალისწინებით, ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებს მტვრით დაბინძურება არ ემუქრება.
ლაბორატორიაში სინჯების დამსხვრევისა და დაფქვის შედეგად წარმოქმნილი მტვერი გროვდება მტვრის კოლექტორში, რომელშიც მტვრიანი ჰაერი იფილტრება და მტვერი გადაიტანება კონტეინერში. აქედან იგი რეგულარულად იცლება გროვებში, რომლებიც დაუყოვნებლივ სველდება, რის შედეგადაც მტვერი ჩაირეცხება გროვაში.