"არემჯის" განცხადება
 
03.04.2018

გვინდა გამოვეხმაუროთ დღეს საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს, რაც კომპანია "არემჯის" საქმიანობას ეხება. ვაცხადებთ, რომ კომპანიამ 40-წლიანი საწარმოს მძიმე ისტორიული მემკვიდრეობა ჩაიბარა და აიღო ვალდებულება ათწლეულებით დაგროვილი პრობლემების აღმოსაფხვრელად, მათ შორის გარემოზე მიყენებული ზიანის გამოსწორების კუთხით.

"არემჯიმ", საერთაშორისო კომპანია GOLDER ASSOCIATES-თან ერთად 2017 წელს შეიმუშავა და საზოგადოებას წარუდგინა გარემოსდაცვითი პოლიტიკის დოკუმენტი. 100-ზე მეტი პუნქტისგან შემდგარი სამოქმედო გეგმა კონკრეტული გარემოსდაცვითი საკითხების გადაჭრაზეა მიმართული, სადაც გაწერილია ღონისძიებები, მათი შესრულების ვადები და ამ პროგრამისთვის დაგეგმილია 30 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება. 2017 წლიდან კონკრეტული ღონისძიებები დაწყებულია.

ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ გარემოსდაცვითი პრობლემების ნაწილი ამ დროისთვის უკვე აღმოფხვრილია, ხოლო უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში, გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამისი მოთხოვნის გათვალისწინებით, სრულად აღმოიფხვრება. ეს ეხება, როგორც გარემოსდაცვითი სისტემის ჩამოყალიბებას, ასევე მონიტორინგს, შემარბილებელ ღონისძიებებსა და შესაბამის ქმედებებს, მათ შორის - მშენებლობებს, რომლებიც უშუალოდ მიმართული იქნება გარემოსდაცვით საკითხებზე. ამ პროგრამის ფარგლებში, მინიმუმამდე იქნება დაყვანილი რისკი გარემოს ცალკეულ კომპონენტებზე, როგორიც არის მიწა, წყალი და ჰაერი.

და ბოლოს, კომპანია "არემჯი" ქვეყნის უმსხვილესი ინვესტორი, გადამხდელი და ექსპორტიორია. ამასთან ერთად კომპანიაში დასაქმებულთა რიცხვი 3000-ზე მეტია, რაც მნიშვნელოვანია, როგორც რეგიონისთვის, ასევე ძლიერი და წარმატებული საქართველოსთვის. 


<< უკან