"არემჯიმ" 11 სტუდენტს ერთწლიანი სტიპენდია დაუნიშნა
 
02.02.2018

კომპანია "არემჯიმ" საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, 11 წარმატებული სტიპენდიანტი გამოავლინა, რომლებიც კომპანიისაგან ერთი წლის განმავლობაში „არემჯის სტიპენდიას“ მიიღებენ.

კომპანიის წარმომადგენლებისა და ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისაგან დაკომპლექტებულმა კომისიამ 50-მდე სტუდენტთან ინდივიდუალური გასაუბრების შედეგად, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის რვა და ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სამი სტუდენტი შეარჩია, რომლებსაც ყოველთვიურად „არემჯის სტიპენდია“ გადაეცემათ.

დღეს კომპანია "არემჯის" თბილისის ოფისში,  სტიპენდიანტებს სამახსოვრო სიგელები კომპანიის კორპორატიულმა დირექტორმა კახაბერ მჭედლიშვილმა და გარემოს დაცვის დირექტორმა მიხეილ კვარაცხელიამ გადასცეს და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვეს. 

"არემჯის" სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამა მიმართულია სამთო-მოპოვებითი დარგის სპეციალისტების მომზადებასა და მხარდაჭერაზე. ამდენად, საქართველოს ტექნიკური  უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში, შესაბამისი პროფილის წარმატებული სტუდენტებისათვის კომპანია საკუთარ ობიექტებსა და საწარმოებში პრაქტიკის და სტაჟირების გავლას უზრუნველყოფს.
<< უკან